საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გუშინ პარლამენტის წარმომადგენლებსა და აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან საუბრისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წუხილები "გავლენის აგენტების შესახებ" პროექტში არსებულ მუხლებთან დაკავშირებით გამოთქვეს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ელჩები გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის გამჭვირვალობის მხრივ ინიციატივას ეთანხმებიან.
„ასევე ელჩებთან საუბარში ხაზგასმა იყო იმაზე, რომ მათ წუხილები კანონის კონკრეტულ მუხლებთან აქვთ, თუმცა გვეთანხმებიან იმაში, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ არიან. ისინი კანონი იმ ფორმით მიღებას გვთავაზობენ, რომელითაც გამჭვირვალობას პრობლემა არ შეექმნება, თუმცა ის წუხილები, რომლებიც არსებობს, ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. ეს იყო ელჩებთან შეხვედრის შინაარსი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე დეტალური განიხილეს ქვეყნის საჭიროებები, გამოწვევები და პრობლემები. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოში შემოსული ფინანსების ნაწილი მტრული სახელმწიფოების მხრიდან შემოდის.
„ეს სერიოზული პრობლემებია, მათ შორის დაკავშირებული გაუმჭირვალობასთან, რომელიც იმ ფინანსებზეა, რაც შეიძლება საქართველოში მტრული სახელმწიფოებიდან შემოდიოდეს. რატომ არის აქცენტი გაკეთებული მაინცდამაინც დასავლეთზე? საერთოდ არ ფიქრობთ იმაზე, რომ საქართველოში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მტრული სახელმწიფოებიდან ფინანსდებიან. საქართველოში არის ასევე გავლენები რელიგიური ექსტრემისტული ორგანიზაციებისა, რომლებმაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.
კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.
კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.
პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტების შესახებ ნეგატიური შეფასებები ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გააკეთეს.