მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი

63fc67d74f0c5
თათია ჩაფიჩაძე
27.02.23 12:33
54675
შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში მდებარე რესტორანს „ჩემი კოხტა ბაკურიანი“ ხურავს. მიზეზი ჩავარდნილი სეზონია. როგორც ბაღდოშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ჩემპიონატის მიუხედავად, კურორტზე აქტიურობა მინიმალურია და კვების ობიექტები მინუსებში არიან.

„ჯერ თოვლი არ იყო, კოხტასკენ საბაგირო მხოლოდ 16 რიცხვიდან ჩაირთო, რამაც მუშაობა 1,5 თვე შეაფერხა და ცხადია ფინანსურად ზარალში გადააგდო კომპანია. ახლა, რაც გაიხსნა, არ არის ისეთი აქტიური, იმიტომ, რომ ზევით აქვთ მოწყობილი საკვები სტენდები, ტურისტები რომ ჩამოდიან ავტობუსებით გაჰყავთ, კოხტაზე არ შეინიშნება ხალხმრავლობა. სამწუხაროდ, ბიზნესი არ არის დალაგებული, როგორც და რასაც ველოდებოდით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სეზონი ჩაგვივარდა.

კოხტას მხარეს ძალიან ცოტა დატვირთვაა, ხალხი თითქმის არ ჩანს, დიდველზეც იგივე სურათია, შედარებით უფრო ხალხმრავალია ცენტრი. მე დიდველზეც მაქვს რესტორანი და კოხტაზეც, და რომ ვთქვა რომ ერთი მხარე უკეთესია მეორეზე, ტყუილია. თუმცა მეორეს ჯერ დავაკვირდები, ვნახოთ ნავაჭრი როგორი იქნება.

თვეში 100-100 ათასი მაქვს ზარალი, ასეთი რამე არასდროს მქონია 33-წლიან კარიერაში. ნულზე რომ დავჯდე, კარგი იქნება, იმიტომ, რომ უკვე 200 ათასი ლარის მინუსი მაქვს, ეს ნიშნავს, რომ გამორიცხულია ამ თანხის ამოქაჩვა. ბაკურიანისადმი მე ინტერესი სრულად დაკარგული მაქვს, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მე ჩემს ობიექტებს აღარ გავხსნი.

ხარჯი მარტის ბოლომდე უკვე გაწეული მაქვს, მაგრამ ალბათ 6-ში უკვე დავხურავ თუ ასე გაგრძელდა, რასაც ვხედავ წარმოდგენილი ყოველდღიური ნავაჭრის სახით, მინუსებში გავდივართ. ზუსტად ვიცი რომ ყველა სარესტორნო სივრცე მანდ ეგრეა", - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

რაც შეეხება ბათუმს, ბაღდოშვილს პოზიტიური მოლოდინი აქვს. "ჩვენ ძალიან წარმატებული რესტორანი გვაქვს ბათუმში. წელს გაფართოებას ვგეგმავთ გარე სივრცის მიმართულებით. ველოდებით სტუმრებს ბათუმში იმიტომ, რომ პოზიტიური წელი იყო როგორც სტუმრიანობის, ისე მოგების თვალსაზრისით და მჯერა, რომ წელს ბათუმი უკეთესი იქნება, ვიდრე შარშან.“ - განაცხადა ბაღდოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები