საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე გურამ ბაღდოშვილის თქმით, სარესტორნო ბიზნესში ადამიანური რესურსის კადრების კვლავ გამოწვევად რჩება.
„სარესტორნო ბიზნესი ძალას ვერ იკრებს… სამზარეულოდან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჰორეკა სექტორის გამოწვევებზე საუბრისას.
შეფმზარეული, რომელიც თბილისსა და ბათუმში ოთხ რესტორანს ფლობს, ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კადრების მწვავე დეფიციტის გამო, სამუშაო ძალის სხვა ქვეყნებიდან შემოყვანას ფიქრობს.
„ოთხი რესტორანი დამრჩა, დანარჩენები დავკეტე. მიზეზები ჩემმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ხარისხი, გვჭირდება ძალიან გამოცდილი პერსონალი“, - ამბობს ის.
საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე კადრების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ემიგრაციაში წასული მოქალაქეების უკან დაბრუნებაში იხედავს. „როგორც მე დავბრუნდი 25 წლის შემდეგ საქართველოში“, - ამბობს გურამ ბაღდოშვილი, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ამისთვის საჭიროა, მაღალი ხელფასები, რისი შეთავაზების საშუალება დღეს ჰორეკა ბიზნესის ძალიან მცირე ნაწილს აქვს.
შეფმზარეულის აზრით, იმისთვის, რომ ბიზნესმა თანამშრომლებს მაღალი ხელფასი გადაუხადოს, საჭიროა, ჰორეკასექტორში დღგ და საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს, რაშიც გურამ ბაღდოშვილი ევროპული ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკას იშველიებს, მათ შორის პორტუგალიას, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა.
„3, 5, ან 10 წლის წინ ემიგრაციაში წასულ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნების უდიდესი სურვილი აქვთ; ის, რაც მე გავაკეთე 25 წლის შემდეგ. ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი ჩვენთვის დღგ და საშემოსავლო გადასახადი დაიწევს, შევძლებთ, ანაზღაურება გავზარდოთ და მოვიზიდოთ სამშობლოდან იძულებით წასული ემიგრანტები. დარწმუნებული ვარ, მათ ურჩევნიათ ოჯახთან ახლოს იყვნენ და საკუთარ მიწა-წყალზე იმუშაონ. ამდენად, ჩვენ თუ გვინდა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა, მათ მაღალი ხარისხის სერვისი და თანამედროვე ტენდენციები უნდა დავახვედროთ; ამისთვის გვჭირდება ჩვენი ემიგრანტები, ადამიანური რესურსის დაბრუნება; სარესტორნო ბიზნესში მინიმუმ 3000 ლარიდან უნდა იწყებოდეს ხელფასი, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ გადაიხდის ვერცერთი რესტორნის დამფუძნებელი, მხოლოდ ერთეულებს შეიძლება ჰქონდეს 3000 და ოდნავ მაღალი ხელფასის გადახდის შესაძლებლობა“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.