მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GWP-ის 80%-იანი წილი ესპანურმა კომპანიამ იყიდა - პრემიერი ინვესტორებს შეხვდა

61fb9d86390a6
BM.GE
03.02.22 13:35
2264
180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ონლაინ-შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა" მისი შვილობილი კომპანია “Georgian Water and Power”-ის 80%-იანი წილი ესპანურ კომპანია Aqualia-ს 180 მილიონ დოლარად მიყიდა, მხარეებს შორის არსებული შეთანხმებით, 2025 და 2026 წლებში Aqualia-მ დარჩენილი 20%-იც უნდა გამოისყიდოს, შესაბამისად გარიგების მთლიანი ღირებილება 225 მილიონ დოლარს შეადგენს. მხარეებმა ნასყიდობის შესახებ შეთანხმების მიღება 2021 წლის 31 დეკემბერს გაასაჯაროვეს.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრაზე ხაზი გაესვა ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.6% იყო. მისი თქმით, საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთით და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობით სწრაფად მიიწევდა უფრო ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ხაზი გაესვა მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს, როგორც ბიზნესის კეთების სიმარტივის, ისე ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით.

"ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე ჩინეთთან, EFTA-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან, თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, რაც ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონული კერის განსავითარებლად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაში"-ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები