საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენს შეხვდა
წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება - სწორედ ამას დაეთმო შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ ორ ქვეყანას დღეს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა იმ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებაში, საიმედო და ქმედუნარიან პარტნიორად ჩამოყალიბებაში დაეხმარა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა USAID-ის წვლილზეც.
შეხვედრაზე, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზეც ისაუბრეს.




























