მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის შეყვანა ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება"

5f68c7b8ede1b
სალომე მეცხვარიშვილი
21.09.20 21:45
1340
20 სექტემბერს ამოიწურა ვადა, როცა “კავკასუს ონლაინს” საწყის მდგომარეობაში უნდა დაებრუნებინა ჯერ კიდევ 1 წლის წინ გასხვისებული წილები. საუბარია კომპანიის 49%-ზე, რომელიც ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნოდა და მისი მფლობელი აზერბაიჯანული “ნექსოლ ჰოლდინგი” გახდა. წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება კომპანიას კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე დააკისრა, თუმცა მარეგულირებლის გადაწყვეტილება არც ახლა შესრულდა.

“კავკასუს ონლაინში” აცხადებენ, რომ შეთანხმება მესამე მხარეებს შორის შედგა და მათ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, რომ მეწილეები შეცვალონ, თუმცა, სხვანაირად ფიქრობენ კომუნიკაციების კომისიაში.

20 აგვისტოს სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ თუ 20 სექტემბრამდე არ შესრულდებოდა მისი დავალება, კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავდა.

რა შეიძლება იყოს კანონით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ შეიძლება გამოიყენოს - კიდევ ერთი ჯარიმა, სპეციალური მმართველის დანიშვნა ან ავტორიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა.

“ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ირინა ვერძეული აცხადებს, რომ მარეგულირებელს საჯარიმო სანქციის გამოყენების უფლება მხოლოდ 1 წლის განმავლობაში აქვს და თუ კომუნიკაციების კომისიამ 1 წლის შემდეგაც დააჯარიმა კომპანია, ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება იქნება, რაც სხვა ოპერატორებისთვისაც არ არის კარგი.

“სპეციალური მმართველის შეყვანა “კავკასუს ონლაინში” ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება, რადგან ჩემი აზრით, კანონი (რომელიც კომისიას ამის შესაძლებლობას აძლევს) არ არის დემოკრატიული და საფრთხეს უქმნის თავად მარეგულირებლის დამოუკიდებლობას, მის ფუნქციონირებას.

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: როცა მმართველი შედის კომპანიაში და მის წინააღმდეგ დაობს რომელიმე სხვა კომპანია, გამოდის, რომ ერთ მხარეს მოსარჩელე არის კომისია, რამდენადაც მის მიერ დანიშნული მმართველი აკონტროლებს კომპანიას, მოდავე არის სხვა კომპანია, მოსამართლეც იქნება კომისია - აი ასეთ აბსურდულ სიტუაციაში შეიძლება შევიდეთ”, - აცხადებს ირინა ვერძეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები