მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერამიკა ელ ტორენტეს“ ქართული წარმოების კერამიკული ბლოკი და აგური ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდება

61812ef3c3367
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.21 22:24
2963
ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ ქართული წარმოების კერამიკული ბლოკი და აგური ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდება - ამის შესახებ BM.GE-ის ესპანური კომპანიის შვილობილი „კერამიკა ელ ტორენტე პლიუსის“ დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა განუცხადა.

აღსანიშნია, რომ ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორენტემ“ საქართველოში, კონკრეტულად კი კასპში წარმოების გადმოტანის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო. ქარხნის ამოქმედების ვადები სხვადასხვა ფაქტორის გამო რამდენჯერმე დაკორექტირდა. BM.GE-ის ინფორმაციით, წარმოების ამოქმედება გასული წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, თუმცა კომპანიის გეგმები კვლავ შეიცვალა და საწარმომ დამატებითი ინვესტიციით ქართული თიხის სიღრმისეული კვლევა გადაწყვიტა. „კერამიკა ელ ტორენტე პლიუსის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, კვლევითი სამუშაოების დაწყებამ ქარხნის სრულად ამოქმედებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 1.5-2 მლნ ლარით გაზარდა და საწარმოს ამოქმედებისთვის სრულად 12 მლნ ლარი ჩაიდო.

„ჩვენს თიხას შესაძლოა უფრო მაღალი პოტენციალი ჰქონდეს და გადავწყვიტეთ სრული კვლევები გვეწარმოებინა და წარმოება სრულად მხოლოდ ამის შემდეგ აგვემოქმედებინა. თიხის ასეთი ფუნდამენტური კვლევა საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა და აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ არამხოლოდ ადგილობრივი ბაზრის პროდუქტზე, არამედ სხვადასხვა ბაზარზე წარმოებულ პროდუქტთან მიმართებით ჩვენი პროდუქციის ხარისხი მაღალი და განსხვავებული იქნება.

ქართული თიხის თვისებების კვლევა ჩვენი ესპანელი პარტნიორების კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ დამფუძნებლების ინიციატივა იყო. საქმე ის არის, რომ თიხაზე კვლევები საწარმოს გადმოტანის პროცესში ჩავატარეთ, თუმცა დღეს სიღრმისეული კვლევები მიმდინარეობს, რაც საწარმოო პროცესში თიხის გამოყენებით უფრო ხარისხიანი ბლოკების წარმოებას გულისხმობს. შედეგად ჩვენი პროდუქტი უფრო მსუბუქი და გამძლე იქნება. თუმცა პროდუქტის საბოლოო მახასიათებლების შესახებ კვლევის დასრულების შემდეგ გვეცოდინება“, - განაცხადა ბაბლუანმა.

როგორც ის განმარტავს, კერამიკული ბლოკისა და აგურის წარმოების პროცესში ქართული თიხის თვისებების შესწავლა დაახლოებით 5 თვის წინ დაიწყოს და წლის ბოლოსთვის კომპანიას კვლევის შედეგებიც ექნება. მისივე ინფორმაციით, დღეს საწარმო მცირე დატვირთვით მუშაობს და კვლევის პროცესში 20 ადამიანს ასაქმებს. სრული ამუშავების შემდეგ კი დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. რაც შეეხება წარმადობას, კასპში ამოქმედებული საწარმოს რესურსი დღიურად 100 000 ცალი აგურია, თუმცა საწარმოო მოცულობები ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

კითხვაზე - შეძლებს თუ არა ადგილობრივი მწარმოებელი იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას, ვასილ ბაბლუანი ამბობს, რომ მოცულობებზე საუბარი უჭირს, თუმცა დამტკიცებით შეუძლია თქვას, რომ „კერამიკა ელ ტორენტეს“ წარმოების კერამიკული ბლოკი და აგური ბაზარზე არსებულ სამშენებლო მასალების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები