მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგრესმენი კინზინგერი: ვულოცავ საქართველოს საარჩევნო საკითხზე შეთანხმების მიღწევას

5e64fcbd5ab35
BM.GE
08.03.20 17:54
1858
"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას საკუთარი Twitter-ის მეშვეობით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა. კინზინგერი წერს, რომ ის ქართველ ხალხს ამ შეთანხმების მიღწევას ულოცავს და აღნიშნულ პროცესში ჩართულ პირებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. 

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის ეგიდით მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმებას მიაღწიეს. კონკრეტულად კი წლევანდელი არჩევნები 1%-იანი ბარიერითა და 120/30-ზე გადანაწილებით ჩატარდება - ანუ 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. 

შეთანხმების შესახებ სპეციალურ განცხადებას აკეთებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. აღნიშნული განცხადება პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების სახელით ქვეყნდება:

"ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში. დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს - ხალხისა და ქვეყნის - საკეთილდღეოდ,"- ნათქვამია განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები