მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Maroma Collection-ის წარმოებული ქართული სამოსი შესაძლოა, იაპონიაში გაიყიდოს

63fa02125c52a
ინგა მურუსიძე
25.02.23 16:48
1810
ქართული ტანისამოსის ბრენდის, Maroma Collection-ის პროდუქცია შესაძლოა, იაპონიაში გაიყიდოს, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა მადო რომანიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, Maroma Collection წარმოდგენილი იყო იაპონიაში გამართულ გამოფენაზე და ქართულმა პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

„იაპონიაში გამოფენაზე ვიყავით წარმოდგენილი ორჯერ, გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამოფენაზე წარმოდგენილი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია დაიტოვეს, უნდა შეამოწმონ. ჩვენ ვართ პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ნახეს, მიიღეს და მოიწონეს. გარდა ამისა, ველოდებით დიდი სავაჭრო ცენტრისგან შეთავაზებას და დიდი ალბათობით, ჩვენი პროდუქცია იაპონურ ბაზარზე მალე შევა. ძალიან დიდი ქსელია, რაც ჩვენით დაინტერესდა“, - ამბობს რომანიძე.

რაც შეეხება სხვა გეგმებს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, პროდუქცია უკვე იყიდება საფრანგეთში, ინგლისში, სერბეთში, ასევე ამერიკაში გვაქვს ორი გაყიდვის წერტილი.

„საქართველოში ორ მაღაზიაში ვართ წარმოდგენილი, თუმცა პანდემიის დროს იმდენად დიდი პრობლემები შეგვექმნა, რომ გადავწყვიტეთ ექსპორტზე ვორიენტირდეთ. შეკვეთები დიდი არ გაქვს, თუმცა მთავარია, რომ დაინტერესება არის სხვადასხვა ქვეყნებიდან და იმედი გვაქვს, მოთხოვნაც გაიზრდება“, - განაცხადა რომანიძემ.

რაც შეეხება საფასო სეგმენტს, Maroma Collection-ის დამფუძნებელი კონკრეტული ფასების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში მუდმივად 50%-იანი ფასდაკლება აქვთ, ხოლო საზღვარგარეთ კონკურენტული ფასები აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები