მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის წარმომადგენლები ნამახვანჰესზე სასაუბროდ ქუთაისში ჩავიდნენ

6078625139fc0
BM.GE
15.04.21 19:53
573
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგისთვის.

გარდა ამისა, რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად ქუთაისში ჩავიდნენ პარლამენტის წევრები. ამ წუთებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებიან დეპუტატები: გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

„გვინდა მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს. შევეცდებით ყველა თემა გავიაროთ, ის თუ რა რისკებია, რა საშიშროებებია“-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

მან არ გამორიცხა გამოჯანმრთელების შემდეგ აქციის ორგანიზატორებს თავად პრემიერიც შეხვდეს.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან უკვე მივიდნენ ის ადამიანები, რომლებიც რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. როგორც რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, მათი უპირობო მოთხოვნაა, დიალოგი გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ ხეობას საპოლიციო ძალები დატოვებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები