მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული სიმძლავრე საპროგნოზო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება - ნუგზარ ბერიძე

642430c7eea46
სალომე ხიდურელი
02.04.23 18:18
1130
სემეკის ინფორმაციით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ამ ეტაპზე სისტემაში ჩართულია 760 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრეა 39 მეგავატი.

როგორც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, ნეტო სისტემის განვითარების ტემპმა 2021 წელს გაკეთებულ პროგნოზს გადააჭარბა.

„სიამაყით მინდა გითხრათ, რომ „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაციამ განვითარება 2016 წლიდან დაიწყო. კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ამ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი იყო. როცა ვნახეთ, რომ დაინტერესება მაღალი იყო, 2019 წელს კვლავ შევიტანეთ ცვლილებები. ამან სფეროს განვითარების ტემპი კიდევ უფრო გაზარდა.

2021 წელს გაკეთებულ პროგნოზში ვამბობდით, რომ 2022 წელს, სავარაუდოდ, ჯამური დადგმული სიმძლავრე 25 მეგავატს მიაღწევდა, სინამდვილეში მიაღწია -36-ს. ხოლო 2023 წლისთვის პროგნოზი იყო 36 მეგავატი და სისტემაში უკვე გვაქვს 39 მეგავატი, წელი ჯერ ახლა დაიწყო“, - ამბობს ნუგზარ ბერიძე.

მისივე თქმით, განვითარების სწრაფი ტემპი სისტემაში კაპიტალდაბანდების ამოგების მოკლევადიანობითაა განპირობებული. ამასთანავე, როგორც ნუგზარ ბერიძე განმარტავს, „ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი“ ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული.

„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ცდილობს, ენერგეტიკული ბიზნესის განვითარების ახალი მოტივატორები შესთავაზოს ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ კუთხით დაინტერესება და ძირითადი ლოკომოტივი არის ბიზნესი იმიტომ, რომ კაპიტალდაბანდების ამოგების ვადა არის ძალიან მოკლე, დაახლოებით 5 წელი. ევროპაში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ამოგების ვადა უფრო ხანგრძლივი, 10-15 წელია“, - აღნიშნავს ის.

როგორც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, საქართველოში ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაცია მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლის ჩართულობა ენერგეტიკულ ბიზნესში, განსაკუთრებით მწვანე ენერგიების ათვისების კუთხით, იზრდება.

„აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ტემპები ასეთი ტიპის სადგურების ქსელში ინტეგრაციისა. რასაც ერთი შემაფერხებელი ფაქტორი აქვს: ქსელის მდგრადობა. ეს არის ვირტუალური გენერაცია, რომელიც არ შეიძლება ძალიან დიდი იყოს. მართვადი გენერაცია საჭიროა იმისთვის რომ სისტემაში შენარჩუნებული იქნას ბალანსი და შესაბამისი სიხშირე.

ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო ასეთი: ვთქვით, რომ ვირტუალური გენერაციის ანუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების წილი უნდა იყოს არაუმეტეს 2%-სა. შემდგომ, როცა ამ პროცენტს მივუახლოვდით და გავაანალიზეთ სისტემის მდგრადობის პარამეტრები, წილი 4%-მდე გავზარდეთ. თუმცა ეს ზრდა 8%-ს ვერ გადააჭარბებს. ამიტომ ევროპაში, აშშ-ში შემოვიდა ე.წ. საკუთარი მოხმარების ცნება, ანუ, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი სიმძლავრის სადგური ჰქონდეს, მოიხმარდეს, ყიდდეს და უზიარებდეს მეზობლებს“,- აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე.

მისი განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა ბიზნესსექტორისთვის მოტივია, რომ ეფექტურობისთვის ენერგიის იაფი წყარო ჰქონდეს.

„საჭიროა იმაზე ფიქრი, როგორ გავზარდოთ 500 კილოვატიანი ზღვარი მსხვილი საწარმოებისათვის. რაც შეეხება მცირე საწარმოებს და საყოფაცხოვრებო მოხმარებას, აქ უნდა დარჩეს ნეტო აღრიცხვის დაბალი ზღვარი. მსხვილ ბიზნესებს მიეცემა საკუთარი წყაროების განვითარების საშუალება და ამისთვის შესაბამის მოდელზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს“, - აცხადებს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი.

ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები