მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რძის პროდუქტების ექსპორტი რუსეთის რისკიან ბაზარზე, შემოგდებულ თემას ჰგავს" - ასოციაცია

6225a1c670c74
სალომე ჭიპაშვილი
07.03.22 12:31
1078
„არ მახსენდება ოფიციალურად არც რუსეთში და არც უკრაინაში ქართული რძის პროდუქცია ექსპორტზე გასულიყო“ - განაცხადა „საქრძე“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

„იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, რძის პროდუქტების ექსპორტი რუსეთის რისკიან ბაზარზე, შემოგდებულ თემას ჰგავს. ამ ეტაპზე არანაირი რესურსი იმისა, რომ საქართველოში მოქმედმა რძის კომპანიებმა ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში მოახდინონ, არ არსებობს, მითუმეტეს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ისედაც რძის დეფიციტი გვაქვს და რძის ფხვნილის იმპორტს ვეწევით" - აღნიშნა კახა კონიაშვილმა.

მისივე თქმით, უკანასკნელი 2 წლის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე რძის ფხვნილის ფასები ისე გაიზარდა, რომ მისი იმპორტი საქართველოში არარენტაბელური გახდა და ადგილობრივი კომპანიები ცდილობდნენ გადასულიყვნენ ნედლი რძის გამოყენებაზე. ისედაც რძის ფხვნილი და რძის პროდუქტები მეტწილად უკრაინიდან შემოდიოდა.

„მითუმეტეს ეხლა მოდის გაზაფხულის სეზონი, როდესაც რძის რაოდენობა მოიმატებს და რძის სიჭარბეც კი იქნება, ამიტომ უახლოეს პერიოდში რძის პროდუქტების დეფიციტს  არ ვვარაუდობთ და ამ მხრივ პრობლემა საქართველოში არ იქნება“ - აღნიშნა „საქრძე“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხსენებისთვის, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაშვებული იქნება. გაირკვა, რომ უკრაინაში ომის პარალელურად, როსელხოზნადზორის ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა მოლაპარაკებები გამართა ბელორუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებთან ივან სმილგინთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და გოშგარ ილაჰი ოღლუ თაჰმაზლისთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები