მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თხილზე მოთხოვნა შემცირებულია... ექსპორტიც დაბალია" - თხილის ექსპორტიორი კომპანია

636779c2e721e
მარიამ იზორია
06.11.22 18:04
781
თხილის ექსპორტიორი კომპანიების Georgian Products Renaissance-ს და "აგრითრეიდის" დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს თხილის ხარისხი გაუარესებულია და შარშანდელთან შედარებით, თხილის გულის გამოსავლიანობაც ნაკლებია. ერთ-ერთი მიზეზი კი ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანებებია.

ბაია სალუქვაძე იმასაც ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე თხილის შესყიდვასთან დაკავშირებით მოთხოვნა დაბალია, რაც მსოფლიოში ჭარბი მოსავლით და კრიზისული სიტუაციით აიხსნება.

„ხარისხის კუთხით წელს პრობლემები ნამდვილად არის. გასული წლის თხილი გამოსავლიანობის კუთხით უკეთესი იყო. წელს ისევ გვაქვს ფაროსანას დაზიანება და არა - მარტო, რაც შემდგომ საექსპორტო პროდუქტის დამზადებისას დეფექტად ითვლება. ამის მიუხედავად, ნედლეულის შესყიდვა არ შეგვიმცირებია. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს კახეთში ბევრად უფრო ხარისხიანი თხილი მოდის, ვიდრე - სამეგრელოში. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა უმნიშვნელოვანესია ბაღების მოვლის საკითხი.

რაც შეეხება ექსპორტს, აგვისტოდან დავიწყეთ. მოთხოვნა თხილზე შემცირებულია და ექსპორტის მონაცემებიც თვიდან-თვემდე დაბალია. მსოფლიოში თხილის ჭარბი მოსავალია; ამასთან, მოთხოვნის შემცირება მსოფლიოში არსებულმა კრიზისულმა სიტუაციამაც გამოიწვია. წელს თხილის შესყიდვის კუთხით ევროპაც პასიურია“, - ამბობს ის.

Georgian Products Renaissance-ს და აგრითრეიდის დამფუძნებელი თხილის ფასზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოში 3-დან 4.50 ლარამდე მერყეობს, საექსპორტო ფასი კი $5-მდეა.

ინფორმაციისთვის: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ თხილის ექსპორტით 59.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნიდან 13 043 ტონა თხილის რეალიზაცია მოხდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულება 3 კვარტლის მონაცემებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14.4%-ით, ხოლო ექსპორტირებული საქონლის მოცულობა 7.1%-ით შემცირდა.

ცნობისთვის: Georgian Products Renaissance თხილის გადამმუშავებელი საწარმოა, რომელიც სამეგრელოში მდებარეობს. „აგრითრეიდი“ კი თხილის შენახვას კახეთში ახორციელებს.

მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირებას იწყებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები