მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლების მხრიდან მეტი ეკონომიკური თავისუფლებაა საჭირო" - ხორგუაშვილი EU-სთან ვაჭრობის გაღრმავებაზე

64a1301577697
ნანუკა ნარიმანიძე
02.07.23 13:09
517
ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტით ე.წ. “შავ სიაში” არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი მოხვდა. თუმცა, როგორც ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, სანქციების ახალი პაკეტის მთავარი ფოკუსი დაწესებული სანქციების ეფექტიანობის გაზრდას, ანუ სანქციების არარიდების მექანიზმის არსებობას ითვალისწინებს, რომელიც, ამიერიდან, მესამე ქვეყნებზეც გავრცელდება, მე-11 პაკეტისა და ეკონომიკურ ცვლილებებზე Gnomon Wise-ის მკვლევარმა ზვიად ხორგუაშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში სტუმრობისას ისაუბრა.

“სამწუხაროდ, წინა სანქციებმა ისე არ იმუშავა, როგორც ამას მოველოდით, რუსეთი მაინც ახერხებდა ჩინეთიდან, ირანიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან საქონლის ყიდვას, მათ შორის იმ საქონლის, რომელსაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის გამოიყენებდნენ, მე-11 პაკეტის სანქციები იმოქმედებს ისეთ ქვეყნებზე, რომელზეც მცირედი ეჭვი ან დადასტურებული ფაქტი არსებობს, რომ რუსეთში მსგავსი ტექნოლოგიის შეტანას უზრუნველყოფდნენ, მე-11 პაკეტი უკვე შეეხო ჩინეთის 3 კომპანიას, 2 ყაზახურ და მათ შორის სომხურ კომპანიას”- აღნიშნავს ის.

ხორგუაშვილის თქმით, სანქციები კიდევ დაემატება და ევროკავშირი ყველანაირ ეკონომიკურ ურთიერთობას გაწყვეტს რუსეთთან.

“რუსეთთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტისკენ მიდის გზა, ძალიან მალე გერმანია და პოლონეთი რუსულ მილსადენ “დრუჯბაზე” მტლიანად იტყვიან უარს, ასევე, რუსეთში რეგისტრირებული ნებისმიერი ტრანზიტული მანქანა ევროკავშირის ტერიტორიაზე ვეღარ მოხვდება, ასევე არის სხვა მრავალი წვრილი და მსხვილი ცვლილებები. ევროკავშირი ორიენტირებულია, რომ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ იმ ქვეყნებზეც გააკეთოს სწორება, რომელიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება”, - დასძინა მან.

ამასთან, Gnomon Wise-ის მკვლევარმა აღნიშნა, რომ ეს სანქციები გრძელვადიანი თვალსაზრისით უკეთესი იქნება საქართველოსთვის.

“რა თქმა უნდა, დივერსიფიკაციის თვალსაზრისით ეს სანქციები დიდი პრობლემაა, მაგრამ აღმოფხვრადია. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ეკონომიკაში რუსეთის წილი დიდი იყო, დაახლოებით 25%-ი, 2021 წელს ეს რიცხვი 15%-ს არ აღემატებოდა. გარდა ამისა, 2006 წელს რუსეთის წილი 15%-ზე მეტი იყო, თუმცა ემბარგოს შემდეგ საქართველოს 10%-მდე ეკონომიკური ზრდა ჰქონდა იმავე წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთზე სანქციების კიდევ გაღრმავებას საქართველოს ეკონომიკა არ მიჰყვება. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი ეკონომიკური თავისუფლება, უნდა შემოვიტანოთ და გავიტანოთ მეტი პროდუქტი ევროკავშირიდან, ვიდრე რუსეთიდან, უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ნავთობ-პროდუქტებზე და გაზზე დამოკიდებულება საქართველოს მხრიდან ძალიან დიდია, თუმცა თუ გერმანია მზად არის უარის სათქმელად, საქართველომაც ცალსახად უარი უნდა თქვას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ხარჯიანი ნაბიჯი, თუმცა, გრძელვადიანი თვალსაზრისით ასეთი ცვლილებები საქართველოსთვის უკეთესი იქნება”, - განმარტა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები