მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ითვლება გზავნილის ტრანსპორტირების ხარჯი?

639b7ef2c754a
თათია ჩაფიჩაძე
16.12.22 00:05
1860
ბოლო 2 დღეა სოციალურ ქსელებში არ წყდება მომხმარებლების კომენტარები ერთ-ერთ გადამზიდ კომპანიასთან მიმართებით, რომელმაც მათი მტკიცებით ტარიფების ცვლილების შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია არაეფექტურად და დაგვიანებით მიაწოდა. ამან კი გამოწერილი ნივთების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა.

რა ჯდება ამანათის ტრანსპორტირება და როგორ ითვლება მისი წონა? - ამ კითხვაზე პასუხისას FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი განმარტავს, რომ გზავნილის ტრანსპორტირების ხარჯი ორი კრიტერიუმით, ნივთის რეალური წონისა და მოცულობის მიხედვით იანგარიშება, კომპანია კი საკუთარი გადაწყვეტილებით ადგენს იმ ტარიფს, რომელიც უფრო მაღალია.

„რაზეც აჟიოტაჟია ატეხილი აქ ახალი არაფერია, საერთაშორისო გზავნილის ტრანსპორტირების ხარჯი დგინდება ორი კრიტერიუმით, ერთი მისი ნამდვილი წონა და მეორე მისი მოცულობით წონა, რომელიც უფრო მაღალია იმის მიხედვით დგინდება ტარიფი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. გადამზიდავები როდესაც ვიყენებთ თვითმფრინავის ბორტი იქნება თუ ავტომობილისას, ზუსტად ასევე ვითვლით ხარჯს და ასევე ვუხდით იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ტვირთს გადაზიდავენ. ხშირად ეს არის მოცულობითი წონის მიხედვით, რადგან ძალიან ხშირია, რომ ნივთს მოცულობითი წონა ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ნამდვილი აქტუალური წონა. თუკი გადამზიდავს აქვს სურვილი, რომ არ დაუთვალოს მოცულობითი წონის მიხედვით მის მომხმარებელს გადაზიდვის ტარიფი, ეს მისი მხოლოდ კეთილი ნებაა, ისევე შეუძლია გადაზიდვის ტარიფებზე 10-20%-იანი ფასდაკლება გამოაცხადოს.

აქ არის სხვა მიდგომა საჭირო, მომხმარებელმა ძალიან ნათლად უნდა დაინახოს როგორ ფუთავს ის მის გასაგზავნ, გამზადებულ ამანათს. სწორედ აქ არის მათი როლი, როდესაც პატარა ნივთი დევს დიდ ყუთში გადამზიდავს იმ ყუთის საფასურის გადახდა უწევს, როცა ბორტზე აიტანს. შესაბამისად ეს ყუთი ძვირი ჯდება და მომხმარებელი შედის შეცდომაში. აქ არ არის არასწორად დათვლილ ტარიფზე ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი არასწორად შეფუთულ ტვირთზე რომელზეც აუცილებლად უნდა იზრუნოს მომხმარებელმა. როდესაც უკვეთავ გადაზიდავს თვითონ უნდა გაითვალისწინო როგორ შეფუთვაშია ტვირთი და უზრუნველყო ისეთი დაკვეთა, რომ არ გაგეზარდოს ტვირთის წონა.

ჩემი აზრით სამართალდარღვევაზე არ არის საუბარი, აქ არის უბრალოდ მომენტი რომ რამდენად ზრუნავს ის თავის მომხმარებელზე, რამდენად ფიქრობს რომ კონკურენციაში ჩართულია, რადგან ბაზარზე არის სხვა კომპანიები, ეს 100%-ით კომპანიის პრიორიტეტი უნდა იყოს. არცერთ კომპანიას რომელიც რითეილზე ვაჭრობს არ აქვს ვალდებულება წინასწარ გამოაცხადოს ფასდაკლებები, პრომო აქციები და გამოაცხადოს შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ, ამას მენეჯმენტი წყვეტს. უბრალოდ ეს ეხება მათ იმიჯს,“ - განმარტა „საქმიანი დილის“ ეთერში მენთეშაშვილმა.

ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტის თამარ გოგოლაშვილის განმარტებით კი პრობლემა მომხმარებლების გვიან გაფრთხილებას უკავშირდებოდა. მისი თქმით, კომპანია წლების განმავლობაში რეალური წონით ითვლიდა, მოცულობით წონაზე გადასვლის შესახებ კი შეტყობინება მომხმარებლების ნაწილს არ გაუგზავნეს, ნაწილმა კი ამის შესახებ დაგვიანებით შეიტყო.

„ზოგიერთი გადამზიდი კომპანიის მიერ არის კეთილი ნება და მომსახურების უთვლიან რეალური წონით, ეს მათი კომერციული შეთავაზებაა. წლების განმავლობაში USA2GEORIGIA მუშაობდა ამ პრინციპით და ახლა შეცვალა ეს წესი. მომხმარებლების პრეტენზია მდგომარეობს შემდეგში, მომხმარებელი დავობს იმაზე, რომ მათი ინფორმირებულობა მოცულობით წონაზე გადასვლასთან დაკავშირებით მოხდა დაგვიანებით მაშინ, როცა უკვე გზავნილები იყო გზაში. გარდა ამისა იყო საუბარი ბევრ ამანათზე, იყო „შავი პარასკევის“ პერიოდი, როცა გზავნილების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. მათ მიმართეს კონკურენციის სააგენტოს, ვიცი რომ მზადდება რამდენიმე კოლექტიური სარჩელი ამ მიმართულებით, დაირღვა თუ არა მათი უფლებები ეს უნდა დაადგინოს კონკურენციის სააგენტომ რადგან ის არის ამაზე პასუხისმგებელი და უკვე შემდეგ აქედან გამომდინარე მოხდება რეაგირება ამ საკითხზე,“ - განაცხადა გოგოლაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები