მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი არამეგობრულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმს ამკაცრებს - პუტინმა ბრძანებას ხელი მოაწერა

624afacaedde9
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 18:15
4209
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას „არამეგობრული ქვეყნების ქმედებების გამო სავიზო ხასიათის საპასუხო ზომების შესახებ“.

რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ბრძანება ევროკავშირის არამეგობრული ქმედებების გამო საპასუხო ზომების მიღების გადაუდებლობიდან გამომდინარეობს.

ბრძანებით დგინდება, რომ შეჩერებულია რუსეთსა და ევროპულ გაერთიანებას შორის 2006 წლის 25 მაისიდან ამოქმედებული რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებული გაცემის შესახებ შეთანხმება. შესაბამისად, მგზავრობის მიზნების შესახებ დოკუმენტაციის, ოფიციალური პირებისა და ჟურნალისტებისთვის, ასევე ეროვნული და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, პარლამენტარებისთვის და მოსამართლეებისთვის მრავალჯერადი ვიზების გაცემა გამარტივებული წესით აღარ მოხდება. გარდა ამისა, ოფიციალური დელეგაციებისთვის, მთავრობის წევრებისა და პარლამენტარებისთვის სავიზო გადასახადისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეჩერებულია. ასევე უქმდება დიპლომატიური პასპორტების მფლობელების მიერ ქვეყანაში უვიზო შესვლაც.

ამავე ხასიათის ცვლილებები შევიდა რუსეთისა და ნორვეგიის, დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის ხელისუფლებებს შორის დადებულ შეთანხმებებში და ასევე რუსეთსა და შვეიცარიის ფედერალური საბჭოს შეთანხმებაში, რომელიც ვიზების გამარტივებულ გაცემას ეხება.

პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოელებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებიც მათი მტკიცებით, არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ რუსეთში, შესვლაზე პერსონალური შეზღუდვების შემოღება დაავალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები