მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთში ექსპორტი მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი და გრძელვადიანი პოლიტიკური რისკია" - გვანცა მელაძე

64688f7a71cca
ნანუკა ნარიმანიძე
20.05.23 20:50
627
2023 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან უცხოეთში 1.96 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23.6%-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ექსპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, რამაც 595 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტია. ექსპორტში მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები, რამაც 258 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ საქონლის ექსპორტი წლიურად 29%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს, მათ შორის #1 ადგილზეა სომხეთი 281 მილიონი დოლარით, მეორე პოზიციას 262 მილიონით აზერბაიჯანი იკავებს, მესამეზე კი 226 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაციაა. რუსეთში საქართველომ ექსპორტი 45%-ით გაზარდა.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი გვანცა მელაძე ამბობს, რომ ავტომობილების ექსპორტი გაზრდილია რე-ექსპორტის ხარჯზე, რაც რეგიონებში მიმდინარე მოვლენებითა და მეზობელ ქვეყნებში მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული.

„მსგავსი ზრდა არ არის ისეთი გრძელვადიანი და სტაბილური ეკონომიკური სარგებლობის მომტანი, როგორიც იქნებოდა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდის დროს, რე-ექსპორტი გამოწვეულია მეზობელ ქვეყნებში მოთხოვნის ზრდით, მათ შორისაა რუსეთი და სომხეთი“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე გარე ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე.

„მოკლე ვადაში დადებითი პროგნოზებს არ ველოდებით, იწყება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სეზონი, განხორციელდება ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში, თუმცა, ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ექსპორტის გაზრდას არ ველოდებით, ამაზე იმოქმედა ლარის კურსი გამყარებამა და ტრანსპორტის ხარჯის ზრდამ, ამავდროულად, ძირითადი სატრანსპორტო მაკავშირებელი ხაზი ევროკავშირის მიმართულებით, საბორნე მიმართულება, არ არის აქტიურად გამოყენებული, ბიზნესი ძირითადად ორიენტირებულია აღმოსავლეთით და სამხრეთით, ასევე ჩრდილოეთის, ანუ რუსეთის ბაზრით, რომელიც კიდევ უფრო კომფორტული აგხდება ბიზნესებისთვის, რადგან გამარტივდება მიმოსვლა. თუ წყლით მოსაზღვრე ბაზრებზე არ მოხდა საბორნე მიმართულებების აღდგენა, სასაწყობე მეურნეობების დაქირავება და ლოგისტიკურიო გამარტივება, რაც შემდეგ ტრანსპორტირების ფასის შემცირებას გამოიწვევს, იქამდე არ ველოდებით რაიმე დადებით ტენდენციებს ამ მიმართულებით“, - განმარტავს ის.

მელაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში ექსპორტი მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელია.

„რუსეთში ექსპორტი არის მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი და გრძელვადიანი პოლიტიკური რისკი, ევროკავშირში და განვითარებულ ქვეყნებში, პირიქით, გრძელვადიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, თუმცა მოკლე ვადაში საკმაოდ ძნელად მიღწევადი მიზანი, აქედან გამომდინარე, რუსეთში გამამარტივებელი ფაქტორები კიდევ მეტად გაზრდის ბიზნესების კონცენტრაციას ამ ბაზარზე, შეიძლება გავიდეს ისეთი პროდუქციას, რომელიც აქამდე არ გადიოდა, ეს განსაკუთრებულად ეხება მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებსაც ბევრი მარწუხი აქვთ იმისთვის, რომ საკუთარ მარკეტინგში ინვესტიციები ჩადონ“, - თქვა მან.

ამასთან, გვანცა მელაძე ლარის გამყარებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრმა ქართულმა კომპანიამ შეამცირა წარმოება.

„რა თქმა უნდა, ადგილობრივი ვალუტის გამყარების საფუძველზე მცირდება პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, განსაკუთრებით ადგილობრივი პროდუქციის, რომელიც ადგილობრივი ნედლეულის შეძენაზეა დამოკიდებული, როდესაც პროდუქცია იმპორტირებულია, კურსი დადებითად მოქმედებს, მაგრამ როდესაც ბიზნესი ადგილობრივ ნედლეულს იყენებს, ეს პრობლემას წარმოადგენს, ბევრმა კომპანიამ შეამცირა წარმოება არა თუ ექსპორტზე, არამედ ადგილობრივ ბაზარზე“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები