დღეს საქართველო ფულად გზავნილებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. 2017 წლის შემდეგ ფულადი გზავნილების მოცულობა ქვეყანაში შემოსულ FDI-ის აღემატება, რაც საერთაშორისო ინვესტორთა მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღების შემცირებითაა განპირობებული.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, პარალელურად, მზარდია ფულადი გზავნილები, 2021 წლის 7 თვეში გზავნილები 35%-ით გაიზარდა და $1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად 2020 წლის უცხოურ ინვესტიციებზე 2.5-ჯერ მეტია.
მსოფლიო ბანკის უკანასკნელი შეფასებით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ის ოდენობისაა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 21-ე პოზიციაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფულად გზავნილებზე უფრო მაღალი დამოკიდებულების მაჩვენებელი მხოლოდ უღარიბეს განვითარებად და საქართველოზე ღარიბ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშია.
რაც შეეხება ფულადი გზავნილების წყაროებს - კვლავინდებურად, ყველაზე მეტი ფული რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, საიდანაც მიმდინარე წლის 7 თვეში $225 მილიონი გადმოირიცხა. $215 მილიონით მეორე ადგილზეა იტალია, $161 მილიონით მესამეზე აშშ, მეოთხე ადგილს კი $142 მილიონით საბერძნეთი იკავებს. გზავნილების მთავარი ქვეყნების რეიტინგი საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოსახლეობის განაწილებას ასახავს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კი 2020 წელს განახევრდა და $572 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება გაგრძელდა 2021 წელსაც და პირველ კვარტალში FDI-ის სახით ქვეყანამ მხოლოდ $132 მილიონი მიიღო. 2020 წელს ინვესტიციების კლება პანდემიით იყო გამოწვეული, თუმცა საგულისხმოა, რომ FDI-ის მოცულობა იქამდეც რამდენიმე წლის განმავლობაში მცირდებოდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და მისი საერთაშორისო მიმზიდველობა შემცირებულია.