მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფო საწარმოს წელს რთველში ჩართვა ნაკლებად მოუწია" - ოთარ შამუგია

637a4ab7a65eb
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 19:39
820
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ წელს რთველის პროცესში მევენახეებიდან ნაკლები რაოდენობის ყურძენი ჩაიბარა, რადგან კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა მაღალი იყო. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ღირებულების მოსავლის შეძენა მოუწია წელს სახელწმიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია", რომელიც ყოველწლიურად მევენახეების ჩაუბარებელ ყურძენს იბარებს. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით მხარდაჭერას, რაც დაგეგმილ მარკეტინგული აქტივობების თანადაფინანსებაში გამოიხატება.

„რთველი ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის ყველაზე დიდი ღონისძიებაა. ეს პროცესი წარმატებულად ჩატარდა სახელმწიფოს მხარდაჭერით მევენახეებთან ერთად ჩვენ რთველის ორგანიზებულად ჩატარება შევძელით. მევენახეებმა ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 260 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. ამ რთველში კერძო სექტორის ჩართულობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში, ანუ სახელმწიფო საწარმოს ამ პროცესში ჩართვა ნაკლებად მოუწია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნების შემთხვევაში, სახელწმიფოს არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ მიუღია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყურძენზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან იზრდება. ეს ჯანსაღი პროცესია და ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ იმით, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ღვინის მეტი პოპულარიზაცია მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
ოთარ შამუგიას ინფორმაციით, ქართული ღვინის რეალიზების გაყიდვების მიმართულებით აქტიური მუშაობა აშშ-ს ბაზარზე მიმდინარეობს, სადაც მთავრობა USAID-ის მხრიდან მხარდაჭერას ელის.

„აქვე აღვნიშნავ, რომ აშშ ჩვენი ღვინისთვის სტრატეგიული ბაზარია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ USAID-მა ამერიკულ ბაზარზე ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებში მხარი დაგვიჭიროს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - ამერიკის მთავრობას. ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი, რომ ამ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ და დარწმუნებული ვარ აქ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს“, - თქვა ოთარ შამიგიამ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს „მოსავლის მართვის კომპანიას“ 50 მლნ დოლარის ყურძნის შესყიდვის უფლება ჰქონდა. კომპანიას 2022 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება დაევალა, რაც კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ, ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას გულისხმობდა.

აღსანიშნია, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობას რთველის სუბსიდირება რეკორდული, 138,4 მლნ ლარი დაუჯდა. BMG-ის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი - 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა. სუბსიდირების პროგრამით ნაყიდი ყურძნისგან მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებს, რასაც შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები