"სახელმწიფომ დამსაქმებლის ამოცანები არ უნდა გაართულოს" - რა არ მოსწონს ცეზარ ჩოჩელს
თელარა გელანტია
02.11.19 14:25
• 1028
„ისედაც დეფიციტური კვალიფიციური კადრების პირობებში, სახელმწიფომ დამსაქმებლის ამოცანები არ უნდა გაართულოს”, - ეს განცხადება bm.ge-ისთა "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა “შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების შეფასებისას გააკეთა.
"ჩვენი წარმომადგენლები ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ და ჩვენი შენიშვნები კანონპროექტის ავტორებს გადავუგზავნეთ, ამ პროცესში ვმონაწილეობთ, მაგრამ ზოგადად ძალიან რთულდება ვითარება იმ დროს, როცა ქვეყანაში კვალიფიციური კადრები არ არსებობს. დღეს როგორც დასაქმების პრობლემაა, ასევეა დამსაქმებლისთვის კადრების დეფიციტი. ნებისმიერი მიმართულებით კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა - დაწყებული რიგითი შემდუღებლიდან, დამთავრებული ავტომატიზაციის სპეციალისტით, მარკეტინგზე, ინჟინერინგზე და დანარჩენ მიმართულებებზე ლაპარაკი ზედმეტია. მთლიანობაში, კადრების მხრივ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია წარმოება", - განაცხადა "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს.
შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.