ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ 7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და 10 პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული.
კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან.
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ", - აღნიშნულია განცხადებაში.