მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს აკაციის თაფლის მოცულობის 1.5-ჯერ ზრდას ველოდებით” - "აპიჯეო"

642ecfdd966bb
ანუკა ჯოხაძე
07.04.23 10:00
546
ადგილობრივ ბაზარზე თაფლის დეფიციტის გამო საქართველოდან თაფლის ექსპორტი შეჩერდა. მაისამდე საქართველოდან ევროპაში თაფლი ვერ გაიგზავნება. თაფლის მწარმოებლები იმ შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობენ, რაც თაფლის მოცულობების გაზრდას აფერხებს.

როგორც თაფლის გადამამუშავებელი საწარმო “აპიჯეოს” გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, მომავალ წელს მოსალოდნელია არსებული სკებისა და მუშახელის რაოდენობის 1.5-ჯერ ზრდა, რასაც მისი თქმით, იმავე ოდენობით აკაციის თაფლის მოცულობის გაზრდაც მოჰყვება. ერეკლე ჩიკვაიძე ამბობს, რომ პოზიტიური მოლოდინია წაბლის თაფლთან მიმართებითაც.

“მეფუტკრეებში 1.5 მლნ ლარი დავაგენერირეთ. წელს სკების და მუშახელის რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება მოპოვებული პროდუქციის რაოდენობაც. სეზონიც კარგია, დაავადებების მხრივ ბევრი მუშაობა მიდის“-ამბობს "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე.

მისივე თქმით, წელს აკაციის თაფლის მოცულობის გაზრდას ელოდებიან, - "მაგალითად, შარშან თუ გვქონდა 100 ტონა მოსავალი, წელს 150 ტონას ველოდებით. რაც შეეხება წაბლის თაფლს, ვფიქრობთ, რომ წელს კარგი ყვავილობა იქნება, შესაბამისად, წაბლის თაფლს ავიღებთ".

"აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე ბიუროკრატიულ ბარიერებზეც საუბრობს. მისი თქმით, პროდუქციის ექსპორტზე გატანისას პროცესები ჭიანურდება, რაც მწარმოებლებისთვის თაფლის ექსპორტს ართულებს.

“საექსპორტო დოკუმენტაციის აღება რომ გინდა, სახელმწიფოსთან გაქვს კავშირი, როცა თაფლს იბარებ სახელმწიფოსთან გაქვს კომუნიკაცია, ძირითადად სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. სახელმწიფოსა და მწარმოებელს შორის კომუნიკაცია უნდა გამარტივდეს. ექსპორტის პროცედურის დროს 4 დღე გვჭირდება რომ სახელმწიფოს ვესაუბროთ, რათა საბოლოოდ მოგვცენ დოკუმენტები.

ეს სისტემა უფრო მოქნილი იმ შემთხვევაში იქნება, თუ მისი გაციფრულება მოხდება და ჩვენ მწარმოებლები უფრო სწრაფად შევძლებთ დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ბიუროკრატიული ჩარჩო უნდა მოვხსნათ", - აცხადებს "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები