მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თურქეთში არალეგალურად 200 ტონა ქართული თაფლი გადის” - რატომ ვერ ვიყენებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას?

ალეკო პაპავა

თაფლის ადგილობრივი მწარმოებლები ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ, ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად კი თურქეთს მოიაზრებენ.

კომპანია "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძის შეფასებით, თურქეთში დღეს საქართველოდან თაფლი არალეგალური გზებით გადის, მაშინ როცა არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობებში, ადგილობრივ მწარმოებლებს შეღავათიან პირობებში ამ ბაზარზე ლეგალურად თაფლის გატანა შეუძლიათ. მისი თქმით, ამ მიმართულებით მოთხოვნა არსებობს, რომელიც გამოყენებაც უნდა მოხდეს.

“თურქეთში საქართველოდან არალეგალურად 200 ტონა თაფლი გადის, ძირითადად წაბლის თაფლი, მაგრამ არალეგალურად რატომ გადის არავინ იცის, იმიტომ რომ 2007 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, რომელიც ასევე თაფლის ექსპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამასთან, არასდროს არავის არ უზრუნია, იმაზე რომ არალეგალური ექსპორტი ლეგალური გაეხადა.

ჩვენ წელს პირველად შევეცდებით, რომ თაფლი თურქეთში ექსპორტზე გავიტანოთ, მოვიძიოთ ადგილობრივი მიმწოდებლები, ყველა პროცედურა დავიცვათ, რასაც ევროკავშირის ბაზარზე ვიცავთ, დოკუმენტაციის და უსაფრთხოების ნაწილში. უნდა შევეცადოთ, რომ თურქეთის ბაზარი გავხსნათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ზღვის იქით ეძებო მყიდველი, როდესაც შენი მეზობელი ქვეყანა არის თაფლის მომხმარებელი, კარგი გადამხდელი. ეს ადგილობრივი მეფუტკრეებისთისაც ცნობილი ფაქტია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდანაც ძალიან ცოტა არის ჩართულობა, რამდენიმეჯერ მოხდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა, პუნქტების ჩამატება, გაუმჯობესება, თუმცა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი საქართველოს მხრიდან ყოველთვის დარღვეულია. ყოველთვის თურქეთიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში უფრო მეტი რაღაც შემოდის საქართველოში, ვიდრე საქართველოდან გადის. ამ მიმართულებით ძალიან ნელი პროგრესი გვაქვს”, - ამბობს "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე.

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 69%-ით შემცირდა. ჯამში სხვადასხვა ბაზარზე 16 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა 40 ტონა იყო.

იანვარ-ივნისში საქართველოდან თაფლის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირდა მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე. წელს ამ მიმართულებით მხოლოდ მხოლოდ 1 ტონა პროდუქტი გავიტანეთ, რაც 6 ათასი დოლარის ღირებულების იყო. მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა 29 ტონა, ღირებულება კი 258 ათასი დოლარი იყო.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები