მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წყალში გვეყრება წლების ნამუშევარი, ჩამოვცილებოდით რუსეთის ბაზარს" – ირინა გურული

646257b699dd3
თათია ჩაფიჩაძე
16.05.23 10:45
2251
„12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად ვაღრმავებთ რუსეთთან კავშირებს და სრულიად ვექცევით რუსული ორბიტის ქვეშ“, - ეს განცხადება "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) დირექტორის მოადგილემ ირინა გურულმა „საქმიანი დილის“ ეთერში, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაუქმების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.

EPRC-ში ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთთან გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობები ამცირებს დასავლელი ინვესტორების მხრიდან ქვეყნისადმი ინტერესს.

„ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს, რომ დასცილდეს რუსეთს და ჩვენ ამ დროს კიდევ უფრო ვუახლოვდებით მას, იქნება ეს სავაჭრო თუ სხვადასხვა გზებით. ტერორისტ სახელმწიფოსთან ასეთი გზებით დაახლოება ქვეყანას შეუქმნის სერიოზულ რეპუტაციულ რისკს, ამიტომ დავკარგავთ ბევრს, დავკარგავთ ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივას, რომელზეც ამდენი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, დავკარგავთ შანსს, რომ მივიღოთ ევროპელი ინვესტორები. საბოლოოდ გამოდის, რომ ამ წლების განმავლობაში ნამუშევარი, ჩამოვცილებოდით რუსეთის ბაზარს, წყალში გვეყრება და პირიქით ხდება.

ამ ტენდენციას წლების განმავლობაში ვუყურებთ, 2022 წელს რომ შევხედოთ, რუსეთი მეორე ადგილზეა იმპორტის თვალსაზრისით. იმპორტდამოკიდებულება გაზრდილია ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, როგორიც არის ხორბალი, ფქვილი, ასევე ნავთობი და ნავთობპროდუქტები, პარალელურად 60%-ით შემცირდა ამ კუთხით აზერბაიჯანის წილი. ასევე, გაზრდილია ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება ანუ სრულიად ვექცევით რუსული ორბიტის ქვეშ.

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად საპირისპიროს ვაკეთებთ და ვაღრმავებთ რუსეთთან კავშირებს. ის არის პოლიტიზებული ბაზარი, უახლოეს წარსულში არაერთხელ ვიწვნიეთ ჩვენ ამის შედეგი და აქედან არც ისე დიდი დროა გასული. დაწყებული ენერგოემბარგოთი, დასრულებული სავაჭრო ემბარგოთი, უღირსი დეპორტაციით და ა.შ. რუსეთი ცდილობს ეკონომიკური დამოკიდებულება გამოიყენოს შემდგომ პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა გურულმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა. ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილების თანახმად, პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა. პირველი ფრენა ხვალ, 17 მაისს შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები