მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებამ ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი შეასრულა - კობახიძე

64a3e21296ac1
მარიამ ვარადაშვილი
04.07.23 13:08
447
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

კობახიძის მტკიცებით, ხელისუფლებამ 12-ვე პრიორიტეტი შეასრულა და ახლა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

“დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“,- განაცხადა კობახიძემ.

მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, ასევე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინსტიტუტების ეფექტიანობის, სასამართლო, საარჩევნო და საჯარო სამსახურის რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების, დეოლიგარქიზაციის კუთხით.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით კობახიძემ ხელისუფლების მიერ გადადგმულ შემდეგ ნაბიჯებზე ისაუბრა:

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონში შევიდა ცვლილებები:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა

ქვედა ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა

სასამართლოს აქტების გასაჯაროება

საბჭოს კანდიდატების ანგარიშვალდებულება

გასაჩივრების უფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის

მოსამართლეების მივლინება, გადაყვანა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

დისციპლინური წარმოება

მედიის ნაწილში კობახიძემ თქვა, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა. 

„რომ შევაჯამოთ, 18 კონკრეტული მოთხოვნაა შესასრულებელი. რაც გამოიკვეთა ევროკომისიის ანგარიშში, აქედან 10 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაღაცეები გაკეთდა, კანონმდებლობა არსებითად შეიცვალა და ახლა ითხოვენ ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში სათანადოდ დანერგვას. ორი რეკომენდაცია უკავშირდება ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს, თანამდებობის პირთა არჩევას. ერთ რეკომენდაციაში საუბარია საბჭოს წევრების არჩევაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეხება ერთი რეკომენდაცია, კანონის არმიღებას ითხოვენ ორ შემთხვევაში, ეს ეხება დეოლიგარქიზაციას და ცესკო-ს საკითხს და ამაზე გვექნება კონსულტაციები. ყველა ეს პუნქტი რომ შევაჯამოთ, აშკარად ჩანს, რომ რაღაცის არ გაკეთებას არავინ გვედავება. საუბარია პრაქტიკაში დანერგვაზე და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე. ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა 12-ვე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ“,- ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, 22 ივნისს ცნობილია გახდა ევროკომისიის შუალედური შეფასება, რომლის თანახმადაც საქართველომ 12-დან სრულად ჯერჯერობით მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა. ევროკავშირი სავარაუდოდ, დეკემბერში საბოლოოდ შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გასული წლის მარტში წარადგინა. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები