ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. ეს პირველი არჩევნებია საქართველოში, რომლებიც ელექტრონული წესით ჩატარდება.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენი - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე.
ხმის მიცემისთვის ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. უბანზე შესვლამდე ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შემდეგ მას სპეციალური აპარატით ხელზე შეამოწმებენ, აქვს თუ არა მარკირება გაკეთებული და შეუშვებენ უბანზე.
ცესკოს განმარტებით, ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის რეგისტრატორთან, რომელიც ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატში გაატარებს მის პირადობის მოწმობას (ან პასპორტს) და შეამოწმებს არის თუ არა ამომრჩეველი სიაში. დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველი გაივლის მარკირების პროცედურას.
მონაცემების შემოწმების შემდეგ, აპარატის მიერ ამობეჭდილ ქვითარს აწერს ხელს, რომელიც რეგისტრატორთან რჩება. მას სპეციალურ გაუმჭვირვალე ყუთში მოათავსებენ. ამომრჩეველს კი გადასცემენ ბიულეტენს და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს, რის შემდეგაც ის შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და აკეთებს არჩევანს. ამომრჩეველმა სასურველი კანდიდატის გასწვრივ მდებარე პატარა წრე უნდა გააფერადოს იმისთვის, რომ მისი ხმა ჩაითვალოს. (საზღვარგარეთ უბნებზე უნდა შემოხაზოს შესაბამისი კანდიდატი)
კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
"ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო.
სავარაუდოდ კენჭისყრის დასრულებიდან 1- 2 საათის განმავლობაში საზოგადოებას ეცნობება არჩევნების პირველადი წინასწარი მონაცემები. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge", - განმარტავენ ცესკოში.
ცესკოს მიერ მომზადებულ ამ ინტერაქტიულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აძლევს ხმას ამომრჩეველი.