მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელი ივლისიდან ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები შედის

სებ
31.05.24 16:51
3529
სტატიაში საუბარია:

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის" ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა.

"ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს არსებული პრაქტიკის დახვეწას და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით", - ამბობენ სებ-ში.

ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება ექნება უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს. დამატებით გათვალისწინებულია უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენების სათანადო პირობების შესახებ ინფორმაციის ხელშეკრულებაში მითითების ვალდებულებაც. ამასთან, წესში აღნიშნული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული გამონაკლისებიც განისაზღვრა.

ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობაილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.

ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის განახლებულ წესში ასევე დაზუსტდა გარკვეული ცნებები და ახალი ტერმინთა განმარტებებიც დაემატა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხილვის პროცესში სრულად იყო ჩართული საფინანსო სექტორი. ამასთან, დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სექტორში არსებული გამოწვევების შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები