მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"1 კარის ცეცხლმედეგობაზე შემოწმება ათასობით ევრო ჯდება... ქვეყანაში ლაბორატორია გვჭრიდება" - ცაიშვილი

ცაიშვილი

ქართული სამშენებლო მასალების სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქვეყანაში ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არარსებობა და საზღვარგარეთ ტექსტირება/სერტიფიცირებაა. სამშენებლო მასალების კლასტერის ინფორმაციით, მაგალითად, 1 კარის ცეცხლმედეგობაზე შემოწმება კომპანიებს რამდენიმე ათასი ევრო უჯდებათ, რაც მათთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია.

„პრობლემაა ლაბორატორიები, ტესტირებები. ვიცით, რომ დღის წესრიგში დგას ეს პრობლემა და კომპანიებს თავისი პროდუქციის სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნა და იქ ტექსტირების გავლა უწევთ, რაც, რა თქმა უნდა, ხარჯებთან, ბიუროკრატიასთან და სირთულესთან არის დაკავშირებული.

როცა მივდივართ იქითკენ, რომ 2027 წელს აქაური პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს როგორც ადამიანური რესურსით, ისე ტექნიკურად აღჭურვილი ლაბორატორიები, ეს პრობლემები რომ აღარ გვქონდეს.

ჩვენ ბევრი ვესაუბრეთ ამაზე დონორებს და სახელმწიფოს და არაერთი მიმართულებით დაიძრა საკითხი. მაგალითად, გერმანიის მთავრობას აქვს პროექტი და დაფინანსება გამოყო ამ მიმართულებით, რომელსაც GIZ ასრულებს, და რომლის მიხედვითაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში ლაბორატორიების აღჭურვაზე და კერძო სექტორის პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებენ“, - აცხადებს "რედაქტ2"-თან ინტერვიუში სამშენებლო მასალების კლასტერის აღმასრულებელი დირექტორი.

გარდა ამისა, მარიამ ცაიშვილის განცხადებით, დაინიცირდა კვლევა, რომელიც აჩვენებს რამხელაა მოთხოვნა და რამდენ კომპანიას სჭირდება ტესტირება, რამდენი მოიხმარს ლაბორატორიულ სერვისებს და რამდენად საინტერესოა კომერციულად ეს კერძო სექტორისთვის.

„დავინახავთ ასევე მიმართულებებს, რა გახდება აქტუალური, რა სერტიფიკატი დასჭირდებათ კომპანიებს. თუ მაინც არ იქნება ის მოცულობა, რომ კერძო ბიზნესისთვის იყოს საინტერესო, მნიშვნელოვანი იქნება აქ დონორების და სახელმწიფოს მხარდაჭერა“,- აცხადებს ცაიშვილი.

მისი თქმით, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში სამშენებლო მასალების მწარმოებლების გათვალისწინება, რა დროსაც მათ საშუალება აქვთ 10 000 ევროს ლიმიტის ფარგლებში ერთჯერადი დახმარება მიიღონ სახელმწიფოსგან და ეს რესურსი გამოიყენონ მათ შორის ტესტირებისა და სერტიფიცირებისთვის.

„რამდენიმე ათას ევროსთან არის დაკავშირებული ერთი კარის ცეცხლმედეგობაზე შემოწმება. ეს არის თან ერთი კონკრეტული კარის სახეობა. როცა კომპანია სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს, ეს ხარჯი იზრდება. თუ ადგილობრივი წარმოების წახალისება გვინდა, ეს ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ ქვეყანაში“, - აცხადებს მარიამ ცაიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები