მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანძარმედეგობაზე შემოწმებისთვის კარების გაგზავნა სხვა ქვეყანაში გვიწევს - "სამშენებლო მასალების კლასტერი"

64a6cd8f549c2
ელენე გოგბერაშვილი
08.07.23 20:07
853
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის, PMC კვლევითი ცენტრისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პარტნიორობით სექტორების ანალიტიკის ანგარიში მომზადდა, რომელიც ეკონომიკის სექტორებში არსებულ განვითარების ტენდენციებს და პრობლემებს ასახავს.

ანგარის თანახმად, მსუბუქი მრეწველობის სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის მდგომარეობით, ავეჯის სექტორის ბრუნვა გაზრდილია 17,7%-ით და 293 მლნ ლარს შეადგენს. 18,8%-იან ზრდას აჩვენებს შესაფუთი მრეწველობის სექტორის ბრუნვა, რამაც თანხობრივად 824 მლნ ლარს მიაღწია. რაც შეეხება სამშენებლო მასალების სექტორს, გასული წლის მდგომარეობით, სექტორის ბრუნვამ 1,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 21,6%-იან ზრდას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სექტორი იზრდება, განვითარების პროცესს თან ახლავს გამოწვევებიც. მაგალითად, სამშენებლო მასალების სექტორისთვის გამოწვევაა როგორც კადრები, ისე ექსპორტთან დაკავშირებული სტანდარტების დაკმაყოფილება. ერთ-ერთ ბარიერად სახელდება ასევე ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არარსებობაც, რის გამოც ბიზნესს სერტიფიცირების გასავლელად მასალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა უწევს.

„ადრე თუ ვსაუბრობდით კვალიფიციური მუშახელის პრობლემაზე, დღეს საერთოდ მუშახელის ნაკლებობაა. შესაბამისად, როცა განვითარებასა და ზრდაზეა საუბარი, კომპანიები ამის გამო თავს იკავებენ.

მნიშვნელოვანი და პრობლემურია ასევე ექსპორტის მიმართულება და სერტიფიცირება, ლაბორატორიების პრობლემა. ვინაიდან ის სტანდარტები, რაც მოთხოვნილია ევროკავშირის ბაზარზე, ჩვენთან ჯერ არ არსებობს და ამიტომ ამ ბაზრებზე შესვლა გვიჭირს. ადგილობრივი ლაბორატორიები არ არის აღჭურვილი, რომ სერტიფიკატები გასცენ კომპანიებზე, შესაბამისად გვიწევს პროდუქციის გაგზავნა სხვა ქვეყანაში, რაც კონკურენტუნარიანობას გვაკარგვინებს ფასის კუთხით.

ათასობით ევროზეა საუბარი, რაც დამოკიდებულია მასალის მოცულობაზე. ერთია, რომ მასალა შეიძლება იყოს მოცულობითი და მეორეც, ამას ერთჯერადად ვერ აკეთებ. რამდენ ახალ პროდუქციასაც გამოუშვებ სერტიფიცირების გავლა თავიდან არის საჭირო. შესაბამისად, მაგალითად, ხანძარმედეგობაზე რომ შეამოწმო კარი, მისი გაგზავნა სხვა ქვეყანაში გიწევს და შემდეგ იქიდან მიღება სერტიფიკატის. ამ დროს იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და არ მოწმდება ის სერტიფიკატები, რითიც სარგებლობენ იმპორტიორები, ამიტომ არათანაბარ მოცემულობაში არიან ადგილობრივი კომპანიები იმპორტიორ კომპანიებთან შედარებით“, - განაცხადა BM.GE-სთან ინტერვიუში სამშენებლო მასალების კლასტერის მენეჯერმა მარიამ ცაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები