საფრანგეთი ქვითრების სისტემატურ ბეჭდვას წერტილს უსვამს. გადაწყვეტილება საფრანგეთის ხელისუფლების მიერ უკვე დამტკიცებულია და იგი სავაჭრო ობიექტების გარდა, საბანკო ქვითრებსაც შეეხება.
1 აგვისტოდან ქვეყნის სალარო აპარატები ქვითრებს ავტომატურად აღარ ბეჭდავენ, ამის ნაცვლად ისინი ხელმისაწვდომია ტექსტური შეტყობინებისა და email-ის სახით.
ცვლილების თანახმად, მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ სხვადასხვა დაწესებულებაში ქვითარი მოითხოვონ, რესტორნებში, სასტუმროებსა და სხვა მსგავს ობიექტებში კი ქვითრის გაცემა კვლავ სავალდებულო დარჩა.
საფრანგეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი აკრიტიკებს. მათი თქმით, თვის განმავლობაში დაგროვილი ქვითრები ოჯახს ბიუჯეტის განკარგვაში ეხმარება.
წლის განმავლობაში საფრანგეთში 30 მლრდ-ზე მეტი ქვითარი იბეჭდება, რაც გარემოს დაბინძურებას უწყობს ხელს - მიღებული გადაწყვეტილება კი სწორედ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმია.
ქვეყანამ აკრძალვის ამოქმედება წლის განმავლობაში სამჯერ სცადა, თუმცა ორჯერ გადაიდო, რათა სავაჭრო ობიექტებისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო მიეცათ.
მიუხედავად გადაწყვეტილების ეკო-მეგობრულობისა, მომხმარებლის ინტერესების დაცვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი შენაძენისთვის უკონტაქტო ბარათით გადაიხდის, შესაძლოა, სალარო აპარატზე დაფიქსირებულ ფასს ყურადღება ვერ მიაქციოს და ვერც ის გაიგოს, გადახდილი თანხა დახლზე მითითებულ ფასს ხომ არ აღემატება. გარდა ამისა, ქვითრის გარეშე წუნდებული პროდუქციის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების პროცესი გაცილებით რთულდება.