მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"10 კრიტერიუმიდან არცერთი გვქონდა" - როგორ დაითანხმა საქართველოში შემოსვლაზე იახტების მსოფლიო მწარმოებელი გიორგი ჩიკვაიძემ?

გიორგი ჩიკვაიძე

საქართველოში დაფუძნებულმა კომპანია Ramses Yachts-მა 2017 წელს ქვეყანაში, მსოფლიოში იახტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი, იტალიური კომპანია Azimut Yachts შემოიყვანა. 2023 წლიდან კი კომპანიის პორტფელს ასევე იტალიური წარმოშობის კომპანია “კრანკ იახტს”-ის მცურავი ობიექტების გაყიდვები შეემატა. მცირე ბაზარზე იახტების წამყვანი მწარმოებლების შემოყვანას დღეს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩიკვაიძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ 2019 წლიდან დღემდე საქართველოში 19 იახტა გაყიდეს. თუმცა საერთაშორისო ბრენდების მცირე ეკონომიკის ქვეყანაში შემოყვანა მარტივი არ ყოფილა.

Ramses Yachts-ის დირექტორი, გიორგი ჩიკვაიძე BMGtv-ის გადაცემა "შეცვალე წესები"-ში იმ გზას იხსენებს, რომელიც Azimut-Benetti Group-ის საქართველოში შემოსაყვანად განვლო და აღნიშნავს, რომ იტალიაში ვიტელების საოჯახო წარმატებული ბიზნესის დირექტორთა საბჭო საქართველოში შემოსვლის წინააღმდეგი იყო.

"იმ მომენტში იმდენად მოტივირებული ვიყავი, მეგონა რაღაცას კანონზომიერად ვითხოვდი. მაშინ არ მიფიქრია, რომ თუ Azimut Yachts საქართველოში შემოვიდოდა, ამით მათ არანაირი სარგებელი არ ექნებოდათ", - ამბობს ჩიკვაიძე.

Azimut-Benetti Group-ის დირექტორთა საბჭომ ჩვენს ქვეყანაში ოპერირების დასაწყებად საჭირო ათი კრიტერიუმი წარმოადგინა. როგორც აღმოჩნდა, საქართველო ვერც ერთ მათგანს ვერ აკმაყოფილებდა. გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ასეთი შეფასების მიუხედავად, მათ უკან არ დაუხევიათ და მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ, Azimut-Benetti Group-ისგან ამ გადაწყვეტილებაზე საბოლოო თანხმობა მიეღოთ.

"მათ ერთი რამ აღელვებდათ - არც იახტ-კლლუბები გვქონდა... 10 კრიტერიუმიდან არც ერთი გვქონდა. მხოლოდ იმას ვეჭიდებოდით, რომ ქართული დროშა შეიქმნა, გახდა საერთაშორისო. გარდა ამისა, საქართველოში იახტები განბაჟებას არ ექვემდებარება და ამ თითიდან გამოწოვილ პირობებს ვუტრიალდებით რაც შეგვეძლო. დირექტორთა საბჭო ამბობდა, რომ 10-დან 3-4 პირობის დაკმაყოფილება მაინც იყო აუცილებელი და უარს გვეუბნებოდნენ. ბოლოს იმდენი ვქენით... ხომ არის რომ აკაკუნებ და არ გიღებენ, არ ვეშვებოდით... მათ ცენტრალურ ოფისში ფაქტობრივად ვცხოვრობდით", - იხსენებს Ramses Yachts-ის დირექტორი.

დირექტორთა საბჭოს აბსოლუტური წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთადერთი ვინც Ramses Yachts-ის დირექტორის იდეა დაიჯერა და საბოლოოდ Azimut-Benetti Group-ის საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიის მმართველი ჯოვანა ვიტელი იყო. გიორგი ჩიკვაიძე აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი წვლილი ჯოვანას მამისა და Azimut Benetti Group-ის დამფუძნებლის, პაოლო ვიტელის ისტორიას ჰქონდა.

"გავახსენე მამამისის ისტორია, როდესაც პაოლო ვიტელი ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც ვიარეჯოს ტერიტორიაზე ხის ნავებს აქირავებდა და ამ საქმიანობით 5000 ევრო დააგროვა. შემდეგ წავიდა ლონდონში, ისწავლა ინგლისური იმისთვის, რომ აშშ-ში წასულიყო და როკფელერებისთვის პირველი ქარხნის ასაშენებლად საწყისი კაპიტალი ეთხოვა. მათ მისცეს ეს თანხა და იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე როკფელერები Azimut Group-ის წილში არიან.

1969 წელს კომპანია Azimut-მა Benetti-ს მიტოვებულ, ძველი გემსაშენი ქარხანა იყიდა და Azimut Benetti Group-ის ისტორიის ათვლაც აქედან იწყება. როკფელერების დახმარებით თავდაპირველად 3 იახტა შეიქმნა, რომლის მფლობელებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროს შეიხი და ბერძენი მაგნატი არისტოტელე ონასისი გახდნენ. კომპანიის აღზევებაც სწორედ აქედან დაიწყო. ამას მსოფლიოში იახტების ინდუსტრიის არანორმალური ზრდა მოჰყვა და კომპანიამ პირველი ადგილი დაიკავა", - განმარტავს Ramses Yacht-ის დირექტორი, გიორგი ჩიკვაიძე.

გიორგი ჩიკვაიძე "შეცვალე წესები"-ში იმ ამბავსაც იხსენებს, როდესაც Azimut Benetti Group-ის გლობალ ბრენდ მენეჯერი, ფრანჩესკო მორავეო საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ეს სიტყვები უთხრა: "არ არსებობს მსოფლიოში პრეცედენტი, როდესაც Azimut-ი რომელიმე ქვეყანაში შევიდა და იქიდან შერცხვენილი გამოსულიყო. ასე რომ, ამ მოცემულობას გაუფრთხილდი."

გარდა ამისა, ჩიკვაიძის თქმით, მორავეო აღნიშნავდა იმასაც, რომ ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი გვქონდა, რასაც არ ვიყენებდით.

"ფრანჩესკო მორავეო სულ ამბობდა, როგორ შეიძლება გქონდეს ბათუმისნაირი ტერიტორია, ასეთი ლამაზი ქალაქი ამდენი ბრენდული სასტუმროთი და ამ დროს, სად არის იახტ-კლუბები ან საიახტო ინდუსტრია, საერთოდ რით ერთობით ზაფხულშიო…", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.

როგორც Ramses Yachts-ის დირექტორი აღნიშნავს, მას შემდეგ, როდესაც Azimut Benetti Group-ისგან საბოლოო თანხმობა მიიღეს, მუდმივად ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ერთადერთი, ყველაზე სწრაფი გზა იყო.

"ამ 9 წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ბოლო 3 წელს, როცა თავი უკვე ამ სისტემის სრულფასოვან წევრად ვიგრძენით, მთელი ეს პერიოდი მუდმივად ამას ვამტკიცებდით. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, მაგალითად მონტენეგრო. დაახლოებით 10 წლის წინ იმ ადგილზე, სადაც დღეს მსოფლიოს საიახტო ინდუსტრიის ცენტრია, ნავიც არ შედიოდა. შემდეგ ამ ტერიტორიაზე გააკეთეს ძალიან მაგარი იახტ-კლუბი, ერთი მაგარი სასტუმრო დგას და დღეს ეს ადგილი მონაკოს ჰერკულესის პორტის მთავარი კონკურენტია", - განმარტავს Ramses Yachts-ის დირექტორი, გიორგი ჩიკვაიძე.

გიორგი ჩიკვაიძის თქმით, მთავარი პირობა, რაც Ramses Yachts-ს უნდა შეესრულებინა, Azimut Benetti Group-ის, როგორც ბრენდის პრესტიჟისა და ხარისხის დაცვა იყო.

"გვეუბნებოდნენ, გაყიდვები არ გვაინტერესებს, ვიცით რომ ვერ გაყიდით, მაგრამ ბრენდი არ დააგდოთო და მართლა ასე იყო. მაგალითად, ორი წლის განმავლობაში კანის იახტების ფესტივალზე ქართული ღვინო შეგვქონდა საჩუქრად, რომელიც დაბრენდილი იყო როგორც სპეციალურად Azimut Benetti-ისთვის განკუთვნილი. ამან ნამდვილი ფურორი მოახდინა. მერე უკვე, 2019 წლიდან პირველი გაყიდვებიც დაიწყო", - ასე იხსენებს Ramses Yachts-ის და საქართველოში პირველი იახტების გაყიდვების ისტორიას კომპანიის დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები