მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$10 მლნ-იანი “ლოპოტაჰესის” მშენებლობა მესამე წელია ვერ დაიწყო - მიზეზი

63713e9bd718b
თელარა გელანტია
13.11.22 23:58
811
სოფელ ლაფანყურში 5.9 მეგავატის სიმძლავრის $10 მლნ-იანი “ლოპოტაჰესი” მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც ცნობილია, მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია.

საქმე ის არის, რომ ქართულ-იტალიურმა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ ლოპოტას ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. სამი წლის განმავლობაში კომპანიამ 1 მლნ დოლარის ფინანსური რესურსით ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და როგორც კომპანიაში ამბობენ, რთული სანებართვო პროცედურების შემდეგ „ლოპოტაჰესის“ პროექტის განხორციელებისთვის ნებართვა 2019 წელს მიიღეს, მაგრამ უკვე მესამე წელია მშენებლობა ვერ იწყება.

ამ პროექტის შესახებ Bm.ge-ს არაერთი მასალა აქვს მომზადებული:

$10 მლნ-იანი ლოპოტაჰესი დაპაუზებულია 

პროტესტის გამო, "ლოპოტა ჰესის" მშენებლობის დაწყება ისევ გადაიდო - რას აპირებს ინვესტორი?

რა გავლენა ექნება "ლოპოტა ჰესს" გარემოზე? - ინვესტორის განმარტებები


პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მოლოდინებზე კომპანია „ართანა ლოპოტას“ დირექტორმა ბიძინა იმნაძემ დღეს BMGTV-ის გადაცემა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუშიც ისაუბრა.



„ამ ეტაპზე ჩვენი პირველი და კრიტიკული ამოცანაა, „ლოპოტაჰესის“ მშენებლობის დაწყება, წარმატებით განვითარება და დასრულება“, - ამბობს ბიძინა იმნაძე და იქვე აღნიშნავს, რომ გარდა „ლოპოტაჰესისა“, დამატებით, 20-25 მეგავატის სიმძლავრის სხვა ჰიდროპროექტების მიმართაც აქვთ ინტერესი და წინასწარ კვლევებსაც აწარმოებენ.

რაც შეეხება უშუალოდ „ლოპოტაჰესს“, „ართანა ლოპოტას“ დირექტორმა "Forbes კვირასთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ყველა საჭირო კვლევა ჩატარებულია და თან არა მხოლოდ - ქართული, არამედ უცხოური კომპანიების მიერ.

ინვესტორს იმედი აქვს, რომ მშენებლობის პროცესი მალე დაიწყება. ამ კუთხით, ბიძინა იმნაძემ მიმდინარე წლიდან ეკონომიკის სამინისტროს აქტიურ მუშაობასაც გაუსვა ხაზი და მინისტრის მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, რომელიც ენერგეტიკის სფეროს კურირებს, მადლობაც გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ვხედავთ შეცვლილ დამოკიდებულებას ენერგოპროექტების მიმართ. მიმდინარე წლის თებერვლიდან რომეო მიქაუტაძესთან ერთად, როგორც პარტნიორები, ისე ვმუშაობთ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელსაც წავაწყდით, რისთვისაც მადლობას ვუხდით ენერგეტიკის დეპარტამენტის გუნდს. ისინიც ადგილზე იყვნენ გასულები... ადგილობრივ მოსახლეობასაც შევხვდით. აქამდე ასეთი აქტიურობა არ გვინახავს. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება, გზა.
ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ „ლოპოტაჰესს“, როგორც ერთი პროექტის განხორციელებას, არამედ იმ დამატებით სოციალურ სარგებელს, რომელიც მსგავს პროექტებს მოაქვს. ეს არაა მხოლოდ ჰესის მშენებლობის დროს სამუშაო ადგილების შექმნა; ჩვენს შემთხვევაში პროექტის დასრულებისთანავე შეიქმნება „სოფლის მხარდაჭერის ფონდი“, სადაც ძალიან გამჭვირვალედ შევა კონკრეტული თანხა, რომელსაც სოფელი თავის საჭიროებებს მოახმარს; ასევე, მაგალითად, ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ 28 ჰა ტყის მოვლა-პატრონობა და ა.შ.“, - განმარტა ბიძინა იმნაძემ.

„ლოპოტაჰესის“ პროექტზე საუბრისას მან იტალიელი პარტნიორების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"იტალიური კომპანია „ჰიდროენერჯი“ არის ის კომპანია, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა ანუ თავისი გამოცდილებით შეავსებდა ჩვენს გუნდს. „ჰიდროენერჯის“ აშენებული აქვს და ოპერირებას უწევს 50 ჰიდროელექტროსადგურს სხვადასხვა ქვეყანაში; კერძოდ, 30-მდე ჰესს - იტალიაში, 10-მდე ჰესს - ჩილესა და ალბანეთში. აქვთ ჰესები აშენებული რუმინეთსა და უკრაინაში. ისინი ძალიან დაინტერესდნენ საქართველოთი და „ლოპოტაჰესი“ იქნება მათი პირველი პროექტი, რომელსაც საქართველოში ერთად განვახორციელებთ“, - თქვა ბიძინა იმნაძემ.

„Forbes კვირასთან“ ინტერვიუში „ართანა ლოპოტას“ დირექტორმა ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი მოდელი - CFD ინსტრუმენტიც შეაფასა და თქვა, რომ ზეგ, 15 ნოემბერს მთავრობის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე CFD-ის პრინციპებსაც დეტალურად გაეცნობიან. „ეს არ არის მარტო ფასთაშორისი სხვაობის დაფარვის ნაწილში სახელმწიფოს მხარდაჭერა, არამედ ეს ინსტრუმენტი ბევრ კომპანიას საშუალებას აძლევს, საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსება მოიზიდოს. ამ კუთხითაც ძალიან აუცილებელი მექანიზმია“, - თქვა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები