მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საქართველოდან პერუში ექსპორტი 830.9%-ით გაიზარდა - რა გავყიდეთ?

63830c381050f
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.22 11:05
11254
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის 2.6%-იანი წილით პერუმ მეათე ადგილი დაიკავა. საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველომ პერუში საქონლის რეალიზებით 118 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 830.9%-ით აღემატება (2021 წლის იანვარ-ოქტომბერი - 12.6 მლნ დოლარი).

აღსანიშნია, რომ საქართველოდან პერუში ექსპორტის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელს გამოიკვეთა და ქვეყანას პერუსთან ასეთი მოცულობის ექსპორტი, სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში არ ჰქონია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში, ქვეყნიდან ამ მიმართულებით სულ 3 დასახელების საქონელი გავიდა. პერუში ექსპორტის უმთავრეს წილს კი აზოტოვან სასუქები იკავებს. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

1. მინერალური, ქიმიური ან აზოტოვანი სასუქები - 114.2 მლნ დოლარი, 184 500 ტონა;
2. თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები - 69.2 მლნ დოლარი, 1 144 ტონა;
3. მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 69 ათასი დოლარი, 126 ტონა.

ექსპორტირებული საქონლის მაჩვენებელს თვეების მიხედვით თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ აზოტოვანი სასუქების გარდა, დანარჩენი ორი დასახელების საქონლის რეალიზება ცხიმების და ქონების შემთხვევაში მხოლოდ აპრილსა და მაისში მოხდა, ხოლო მინის ექსპორტი მიმდინარე წლის დასაწყისში - იანვარში განხორციელდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აზოტოვანი სასუქები ქვეყნიდან პერუში თებერვალში, აპრილში, მაისში, ივლისსა და სექტემბერში გავიტანეთ.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში მინერალური და აზოტოვანი სასუქებისთვის პერუ მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო, მას კი ინდოეთი, რუმინეთი, განა, უკრაინა, სომხეთი და მოზამბიკი მოსდევდა.

უნდა ითქვას, რომ 2021 წლის პირველ 10 თვეში პერუში ექსპორტზე ფეროშენადნობები, ალუმინის პროფილები და სხვა საქონელიც გავიტანეთ. მინერალური და აზოტოვანი სასუქები კი საანგარიშო პერიოდში მთავარ საექსპორტო საქონელში 2020 წლის იანვარ-მაისში იყო.

რაც შეეხება იმპორტს, წელს ეს რიცხვი შემცირებულია და პერუდან საქართველოში სულ 303 ათას დოლარამდე ღირებულების საქონელი შემოვიდა. იმპორტირებულ პროდუქტის ჩამონათვალში კი გაყინული თევზი, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საღებარი ნივთიერებები, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები, წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები