“ჯამში 1000 (5 მილიარდი დოლარის ღირებულების) ოქროს ბარათი გაიყიდა,” - ამის შესახებ - აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა ინტერვიუში განაცხადა. მან იმ სარგებელზეც ისაუბრა, რასაც მდიდარ ადამიანებს ამერიკული “ოქროს ბარათი” მოუტანს. ლუტნიკის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჯამში 1 მილიონი ბარათი გაიყიდება, რაც ამერიკას 5 ტრილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს.
“მსოფლიოში ჯამში 37 მილიონი ადამიანია ვისაც ამ ბარათის ყიდვა შეუძლია, მათი ფინანსებიდან გამომდინარე. დონალდ ტრამპი, ფიქრობს, რომ ჯამში 1 მილიონ ბილეთს გავყიდით, რაც 5 ტრილიონი დოლარის ღირებულების არის. ამ დროისთვის ბარათზე ილონ მასკთან ერთად ვმუშაობთ და დაახლოებით ორ კვირაში სრულად ამოქმედდება. სხვათაშორის გუშინ, ჯამში 1000 ოქროს ბარათი გავყიდეთ” - განაცხადა ჰოვარდ ლუტნიკმა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა “ოქროს ბარათის” ინიციატივა დააანონსა, რომელიც აშშ-ში ცხოვრების, მუშაობის და მოქალაქეობის მიღების გარანტიას იძლევა. მისი ღირებულება $5 მილიონია და მას შემდეგ, რაც, როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, “მდიდარი უცხოელები” აღნიშნულ თანხას გადაიხდიან, ყველა დანაპირებით ისარგებლებენ.
“ვაპირებთ ოქროს ბარათები გავყიდოთ. ჩვენ გვაქვს მწვანე ბარათი ეს კი იქნება ოქროს ბარათი. მისი ღირებულება 5 მილიონი დოლარი იქნება. მას ექნება ყველა ის ბენეფიტი, რაც მწვანე ბარათს აქვს, პლუს ამერიკის მოქალაქეობა. ოქროს ბარათის ყიდვას მდიდარი ადამიანები შეძლებენ, ეს იმას ნიშნავს რომ მდიდრები ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ. ისინი დახარჯავენ ბევრ ფულს, გადაიხდიან გადასახადებს, შექმნიან სამუშაო ადგილებს და ისარგებლებენ ყველა პრივილეგიით, რაც ამერიკის მოქალაქეებს აქვთ” - აცხადებდა დონალდ ტრამპი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი, აღნიშნულ ინტერვიუმდე აცხადებდა, რომ 250 000-მა ადამიანმა გამოხატა ინტერესი ტრამპის „ოქროს ბარათების“ შეძენასთან დაკავშირებით.
მწვანე ბარათი, რომლის დამატებითი ვერსიაც, ძვირად ღირებული "ოქროს ბარათია", ყოველწლიურად თამაშდება. მწვანე ბარათის მფლობელებს შტატებში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლება ეძლევათ. თუმცა გამარჯვებულებს მოქალაქეობა ავტომატურად არ ენიჭებათ - ამისთვის დამატებითი პროცედურების გავლაა საჭირო.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, საიმიგრაციო ვიზები არ მიენიჭება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, საიდანაც მოქალაქეების მაღალი პროცენტი შედის აშშ-ში. კანონმდებლობის თანახმად ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში საცხოვრებლად ჩავიდა 50 000 ადამიანი, რომლებმაც "ოჯახის“ და „სამუშაო“ კატეგორიების ვიზები მიიღეს.
რაც შეეხება, "ოქროს ბარათს", მსგავსი მექანიზმი, "ოქროს ვიზის" სახელით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში - EB5 სახელით, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მინიმუმ 1,050,000 დოლარის პირდაპირი ინვესტირებით ბიზნესში და 10 სრული განაკვეთის სამუშაო ადგილის შექმნით, ან დასაქმების დაბალი დონის ან სოფლად მდებარე რეგიონში, მინიმუმ 800,000 დოლარის ინვესტირებით, შტატებში მუდმივი ბინადრობისა და მუშაობის უფლება ეძლევათ. ხუთი წლის შემდეგ კი, მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანაც შეუძლიათ.
მიუხედავად ამ შესაძლებლობის არსებობისა, ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ - EB5 მექანიზმი იაფია და ქვეყნის ბიუჯეტში კი ნაკლები თანხა შეაქვს, ოქროს ბარათი კი ამ პრაქტიკას გააუმჯობესებს, მისი გაყიდვით კი ქვეყნის ბიუჯეტი საგრძნობლად შეივსება. მეტიც, მოსალოდნელია რომ მოზიდული თანხები ეროვნული ვალის შემცირებისკენ იქნება მიმართული, რომელიც ამჟამად 36,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.