კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
Piech Automotive-მა 1000 ცხენის ძალის მქონე კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა
2019 წლის ჟენევის ავტოშოუზე შვეიცარიაში დაფუძნებულმა Piëch Automotive-მა 1000 ცხენის ძალის მქონე, კონცეპტუალური მოდელი Piëch GT 2.0 წარადგინა. ეს ავტომობილის ორი ელექტრული ძრავით აღჭურვილი ორადგილიანი კუპეა. მართალია, პირველი პროტოტიპის გამოშვებას კომპანია 2025 წელს გეგმავს, მაგრამ თუ ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც Piëch Automotive-ის დამფუძნებლებს სურთ, ეს $200,000-იანი ავტომობილი ბაზარზე 2028 წელს გამოჩნდება. როგორც ჩანს, Piëch GT 2.0-ის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ში იქნება, ხოლო 100 კმ/სთ-მდე ის 2.6 წამში აჩქარდება და ელემენტების ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს გაივლის. ტონი პიეხის კომპანიის მიერ შექმნილი ბოლო ავტომობილის დიზაინი რადიკალურად განსხვავდება იმ დიზაინისგან, რომელიც Piëch Automotive-მა ხუთი წლის წინ წარმოადგინა და ობიექტურები თუ ვიქნებით, ახალი ავტომობილი უკეთესად გამოიყურება. პირველი, რაც თვალში გვხვდება GT-ტიპის ავტომობილისთვის დამახასიათებელი მომრგვალებული დიზაინია, რომელიც Aston Martin-ის ფორმებს მოგვაგონებს. თუმცა, არც დეტალები უნდა დავივიწყოთ, მათ შორის თანამედროვე წინა და უკანა მაშუქები და შედარებით მასიური, მაგრამ ელეგანტური თვლები. ტონი პიეხის შეფასებით, კომპანია მალე ფინანსურად მოგებიანიც იქნება. ანტრეპრენიორის შეფასებით, 2029 წელს Piëch Automotive-ი ნულოვან მოგებას დააფიქსირებს, 2030 წლიდან კი - კომერციულად მოგებიანი კომპანია გახდება. ამ ეტაპზე, Piëch Automotive-ში 30 ადამიანი მუშაობს, ხოლო კომპანიას 70 ინვესტორი ჰყავს, რომელთა შორის არაბი ინვესტორები ჭარბობენ.
ჩინურმა BYD-მ ჰიბრიდული პლატფორმა შექმნა, რომლითაც 2,000-ზე მეტი კილომეტრის გავლა შეიძლება
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა, ჩინურმა BYD-მ ახალი ჰიბრიდული პლატფორმა წარმოადგინა, რომელსაც სრულად დამუხტული ელემენტებით და საწვავით გავსებული ავზით 2,000-ზე მეტი კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ ელექტრომობილების გარდა, ჩინურ კომპანიას ერთ-ერთ ლიდერად ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზეც ვიხილავთ, სადაც იაპონური Toyota და გერმანული VW დომინირებენ. როგორც BYD-ში ამბობენ, ცდების დროს, პლატფორმაზე დაშენებულმა ავტომობილებმა 2,500 კილომეტრის გავლაც კი მოახერხეს. ახალ პლატფორმაზე, თავდაპირველად, BYD-ის ორი ბიუჯეტური სედანი იქნება ბაზირებული, რომელთა საწყისი ფასი $13,800-ზე ნაკლებია. უფრო დიდი გასავლელი მანძილის დამსახურებით, BYD-ის ახალი ავტომობილების მფლობელები უპრობლემოდ შეძლებენ ჩასვლას, როგორც სინგაპურიდან ბანგკოკში, ასევე ნიუ-იორკიდან მაიამიში ან მიუნხენიდან მადრიდში, ასევე თბილისიდან იერუსალიმში, თანაც ყველაფერი ეს ავზის ერთხელ შევსებით და ელექტრო ბატარეების ერთხელ დამუხტვით. საწვავის წვის მაქსიმალურად შემცირება ის მიზანია, რომლისთვისაც ყველა ის ავტომწარმოებელი კომპანია იღვწის, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ავტომობილებს ქმნის, რადგან ეს მოგებიანია, როგორც ფინანსურად, ასევე გარემოსდაცვითი კუთხით, რაც, თავის წილ, ხშირად სხვადასხვა სახელმწიფო შეღავათებთან ასოცირდება. ამგვარად, BYD-ის ახალ პლატფორმასთან ერთად, შორ მანძილზე მოძრავი ავტომობილების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით, როგორც ჩინური Geely-ის სედანს, Geely Galaxy L6 Hybrid-ს, რომელსაც ელემენტების ერთი დამუხტვით და ავზის ერთი შევსებით1,370 კილომეტრის გავლა შეუძლია, ასევე Toyota Camry-ის ჰიბრიდულ ვერსიას, რომლითაც 1,100 კილომეტრის გავლა არის შესაძლებელი.
როგორია ისტორიაში პირველი ჰიბრიდული Porsche 911?
სპორტული ავტომობილების ინდუსტრიაში Porsche 911 ერთგვარ ეტალონს წარმოადგენს, აბსოლუტურ პიკს, რომელთან მიახლოება ბევრს უცდია, თუმცა წარმატებით ცოტას თუ გამოსვლია. ამჯერად, შტუტგარტში ახალი ექსპერიმენტის ჩატარების დრო დადგა, და Porsche-მ საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა ისტორიაში პირველი ჰიბრიდული Porsche 911 GTS. ის აღჭურვილია 3.6 ლიტრის მოცულობის, ბოქსიორის სტილის ძრავით, რომელიც დამოუკიდებლად 478 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ელექტროძრვასთან ერთად კი ავტომობილის საერთო სიმძლავრე 533 ცხენის ძალამდე იზრდება. მთლიანი T-Hybrid სისტემა სულ რაღაც 50 კილოგრამს იწონის, რაც უჩვეულოდ მსუბუქია და Porsche-ს მიზანიც სწორედ ეს იყო. T-Hybrid-ის გამოჩენამ ძრავის დიზაინი გაამარტივა და ის ზომაში კიდევ უფრო კომპაქტური გახდა, რადგან ავტომობილში ელექტროენერგიის გენერაციას და მის შენახვას ახლა უკვე თავად ჰიბრიდული სისტემა უზრუნველყოფს. ჰიბრიდული 911 GTS-ის დიზაინს რაც შეეხება, მას განახლებული მაშუქები, სპეციფიკური დეტალები, შედარებით აგრესიული ბამპერი და ცენტრალური გამონაბოლქვის სისტემა აქვს, თუმცა ამ მიმართულებით Porsche ტრადიციულობას არ ღალატობს და ავტომობილის სილუეტი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ისტორიაში პირველი 911-ის. ავტომობილში შეხვდებით განახლებულ ინტერიერსაც, რაც თანამედროვე მულტიმედიას და ციფრულ ინსტრუმენტების პანელს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 911 საბოლოოდ დაემშვიდობა მექანიკურ ტაქომეტრს. ღირებულებას რაც შეეხება, 911 GTS-ის ფასი 166,000 დოლარიდან იწყება.
Zeekr 001-მა და Zeekr X-მა უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღეს
სრულიად ელექტრო ავტომობილებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ევროპული და მწვანე მანქანების შეფასების პროგრამისგან (EURO NCAP და Green NCAP) უსაფრთხოების მაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მოიპოვეს. Zeekr 001-ის და Zeekr X-ის მოპოვებული 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Euro NCAP-ისგან, ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოში, მომხმარებელთა უსაფრთხოების შეფასების რეიტინგში. 2024 წლის შეფასების პარამეტრები კიდევ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე წინა წლებში. Zeekr-ის ორივე მოდელმა მაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი შეფასება Green NCAP-ის რეიტინგის მიხედვითაც მიიღო. აღნიშნული შედეგები ნათლად ასახავს Zeekr-ის ავტომანქანების უსაფრთხოების თანამედროვე, გაუმჯობესებულ მახასიათებლებს და მათ მიერ შეტანილ წვლილს მდგრად განვითარებაში. ელექტრო ავტომანქანებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა უსაფრთხოების უმაღლესი რეიტინგი შეჯახებისგან დაცვის ეფექტური, მაღალი დონის სისტემის წყალობით მოიპოვეს. ის უზრუნველყოფილია 720-გრადუსიანი, წრიული ხილვადობის მქონე ავტომანქანის ძარის სტრუქტურით და ძლიერი, თერმოფორმირებული ფოლადით. მოდელის ყველა ვარიანტი აღჭურვილია უსაფრთხოების 7 ბალიშით, რომლებიც შეჯახების შემთხვევაში გაბერილ მდგომარეობაში რჩება 6 წამის განმავლობაში. Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ასევე მიიღეს 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Green NCAP-ის მიერ ჩატარებული შეფასების ფარგლებში. მოდულური ელექტრომობილის პლატფორმის SEA-ს მაღალი ინტეგრირებული ეფექტურობის წყალობით, ორივე მოდელმა შეამცირა ენერგიის მოხმარება და გაზარდა სვლის მარაგი რეალურ სამყაროში.
აშშ-ის მოსახლეობის 47% ელექტრომობილის შეძენას არ აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ელექტრომობილების ინდუსტრია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, რომლის მხარდაჭერისთვის ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად მილიარდებს გამოყოფს, საგადასახადო შეღავათებს აწესებს, სუბსიდიებს გასცემს, დამტენებს ამონტაჟებს და მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. ვაშინგტონის ძალისხმევის მიუხედავად, ფაქტია, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ისეთი მაღალი არ არის, როგორსაც ინდუსტრიის ექსპერტები და ინვესტორები ხუთი წლის წინ მოელოდნენ. ცოტა ხნის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმად, ამერიკის მოსახლეობის 47% ელექტრომობილის ყიდვას არ აპირებს. გამოკითხულთა მხოლოდ 19% ამბობს, რომ მისი მომდევნო ავტომობილი, მაღალი ალბათობით, ელექტრონული იქნება. კვლევაში მონაწილეთა 22% კი ფიქრობს, რომ ელექტრომობილის შეძენის პერსპექტივას, გარკვეულწილად, განიხილავს. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ელექტრომობილებს ზედმეტად მაღალი ფასები აქვთ, მათი გამოყენება და მომსახურება კი ისეთ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომ მათ ჰიბრიდული ან შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილის შეძენა ურჩევნიათ. ასევე, გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ ელექტრომობილები ზედმეტად ნელა იმუხტებიან, რაც მათთვის არაკომფორტულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სახლის პირობებში EV-ის 0-დან 100%-მდე დამუხტვას თითქმის მთელი დღე სჭირდება.