2023 წელს საწვავის აქციზიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 541.6 მილიონი ლარი შევიდა.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს, რომ 11 წელში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 3.4-ჯერ გაიზარდა. 2012 წელს საწვავის აქციზიდან 160.6 მილიონი ლარი შევიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა. 2016 წელს ესტონურ მოდელზე გადასვლამდე საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შენატანი 216. 1 მილიონ ლარს შეადგენდა. ესტონური მოდელის ამოქმედების შემდეგ საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შენატანი 2.5-ჯერ გაიზარდა.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აქციზის მარჟის დაკორექტირების მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ: "ასეთ ვითარებაში, როცა საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შენატანებს ყოველწლიურად მზარდი ტენდენცია გააჩნია, (სადღეისოდ ბიუჯეტის 4 % ს შეადგენს), რატომ არ შეიძლება, საწვავის აქციზი მარჟა მოქნილი და ცვალებადი იყოს. განისაზღვროს ბიუჯეტის 3%-ზე და იქიდან გამომდინარე დაკორექტირდეს აქციზის მარჟა.
ანალოგიურად, როგორც ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იანი სამიზნე მაჩვენებლადაა მიჩნეული. ხომ არსებობს პრეცედენტი. ამგვარად საწვავის ღირებულებაც შემცირდება და ბიუჯეტსაც ექნება საწვავის აქციზიდან სტაბილური შემოსავალი", - წერს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.