მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში პიროტექნიკის იმპორტი $8.5 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ ფეიერვერკებს, შუშხუნებს?

ფეიერვერკები

11 თვეში საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი გაიზარდა. წლის ამ პერიოდში ქვეყანაში ჯამში 8 მილიონ 502 ათასი დოლარის ღირებულების 1 283 ტონა ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება 51%-ით, მოცულობა კი 108%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს პიროტექნიკის იმპორტი გაიაფდა.

იანვარ-ნოემბერში საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი ძირითადად 4 ქვეყნიდან ხდებოდა. აქედან ბულგარეთიდან 4 მილიონ 328 ათასი დოლარის ღირებულების 278 ტონა საქონელი შემოვიდა, ხოლო ჩინეთიდან 3 მილიონ 445 ათასი დოლარის 853 ტონა. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთიდან ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები და სხვა ნაწარმი უფრო იაფად შევიძინეთ, ვიდრე ბულგარეთიდან.

მცირე მოცულობით პიროტექნიკის იმპორტი პოლონეთიდანაც განხორციელდა და შეძენილი 151 ტონა პიროტექნიკის ღირებულებამ 602 ათასი დოლარი შეადგინა. ჩეხეთიდან შემოტანილი საქონლის ღირებულებამ კი 103 ათასი დოლარი შეადგინა.

უმნიშვნელო მოცულობებით პიროტექნიკის იმპორტი ავსტრიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და საფრანგეთიდანაც ხდება.

ცნობისთვის: 28 ნოემბრიდან, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების საწინააღმდეგოდ, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებდნენ. 4 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა "ლილოს" სავაჭრო ცენტრში ის მაღაზიები დალუქა, რომლებიც პიროტექნიკით ვაჭრობდნენ. 3 დეკემბერს პიროტექნიკის საცალო გაყიდვები შეაჩერა კომპანიამ "სამი ძმა", სადაც BM.GE-ს განუცხადეს, რომ შემოსავლების სამსახური მათთანაც შევიდა შემოწმებაზე, თუმცა გადაწყვეტილება, თავად მიიღეს ქვეყანაში არსებული ვითარების განმუხტვამდე. 9 დეკემბერს კი კომპანიაში BM.GE-სთან განაცხადეს, რომ პროდუქტს საერთოდ ვეღარ ყიდიან, რადგან საწყობები დაულუქეს.

"ოცნებამ" მანიფესტაციებზე ნიღბების, პიროტექნიკის და ლაზერების ამკრძალავი კანონი სამ დღეში მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები