ბიზნესის წარმომადგენლები საკადრო პრობლემებზე საუბრობენ. მეტალოპლასტმასის კომპანია LGG-ის დამფუძნებელი, ზურაბ გიორგაძე ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა მის კომპანიაზეც ვრცელდება და პრობლემის სათავედ რამდენიმე საკითხს ასახელებს. ამაზე მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
გიორგაძის ინფორმაციით, ამჟამად კომპანიაში 120 ადამიანია დასაქმებული და მზად არის, სურვილის შემთხვევაში, მეტიც აიყვანოს.
„მე ვფიქრობ, ფარულ ეკონომიკაში იმდენი ადამიანია დასაქმებული, რომ ვერც წარმოვიდგენთ. ყველაზე დიდი პრობლემა კადრების დეფიციტის საკითხში არის აქ შემდეგი - გინდა თანამშრომლები სამსახურში აიყვანო, რომელსაც არ სთხოვ არაფერს - არც დიპლომს, არც განათლებას. ასეთ ადამიანებს ვთავაზობთ 1500 ლარს ხელფასს, ან თუნდაც 2000-სს. მაგრამ გეუბნება, რომ სოციალურ იღებს და ეს არ უნდა გაუუქმდეს. ფული არ უნდა ჩაერიცხოს, ხელზე უნდა აღება. ყველანაირად გექაჩებიან, რომ რაღაც იმაიმუნო და ა.შ. თუმცა ჩვენთვის მიუღებელია, რომელი საუკუნეა, ხელზე გადავუხადოთ ფული?
მეორე პრობლემა არის ქირების გაძვირება თბილისში. ადამიანები ჩამოდიან რაიონებიდან და საქმდებიან. აქ ქირით ცხოვრობენ და ისე გაუძვირდათ ცხოვრება, რომ ფიზიკურად აღარ უღირთ დედაქალაქში ყოფნა. მე მქონდა პირადად შემთხვევა, როცა ადამიანებმა მითხრეს, რომ აღარ უღირთ აქ ცხოვრება და რაიონებში წავიდნენ.
პრობლემაა ასევე კვალიფიკაცია, გადამზადება პრობლემა არ არის, მაგრამ დღეს მაგასაც ვერ ვშოულობთ, რომ ვინმე გადავამზადოთ. ჩვენ დავიწყეთ უკვე აზერბაიჯანელების შემოყვანა ქარხანაში. არ არის აქ მხოლოდ ხელფასის პრობლემა, კომპანიიდან 4 და 5 ათასლარიანი ხელფასის მქონე თანამშრომელიც წავიდა ევროპაში სამუშაოდ“, - ამბობს ის.