მეტალოპლასტმასისა და მინის საწარმოს დამფუძნებელი კომპანია LGG-ის დამფუძნებელი, ზურაბ გიორგაძე აცხადებს, რომ კომპანიას შეკვეთების რაოდენობა საკმაოდ ბევრი აქვს და საწარმოს წარმადობის გაზრდაც იგეგმება. თუმცა ის #რედაქტ2-ის ეთერში კომპანიის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობს და ერთ-ერთ პრობლემად მუშახელის სიმცირეს ასახელებს.
„5 თვის წინ გახსნილი საწარმო მიყვება დინამიკას, ყოველ თვე უკეთესი შედეგები იდება. მეტმა მომხმარებელმა გაიცნო ჩვენი კომპანია, სხვა პატარა კომპანიებმაც აქტიურად დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა. ყოველ თვე ახალ-ახალი კომპანიები. შეიძლება ითქვას, რომ უკმაყოფილოები არ ვართ. საწარმოს გაცილებით მეტი რესურსი აქვს, შეუძლია 15 ათასი კვადრატული მეტრი შუშის წარმოება წლიურად, თუმცა დღეს 8-9 ათასს ვაკეთებთ. ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის წლიურად 10 ათასის წარმოება, რა შემთხვევაშიც ჩავთვლით, რომ საწარმო სრულად ამოქმედებულია“, - განაცხადა გიორგაძემ.
წამყვანის კითხვაზე, საწარმოს სრულად ამოქმედება დამოკიდებულია კომპანიის მენეჯმენტზე თუ ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე, ბიზნესმენი პასუხობს:
„ბაზარზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ჩვენ თვითონაც გვიკვირს, ამდენი ფანჯარა სად მიდის. საქმის გამკეთებელი ნაკლებია, ბევრი პროექტის პრეზენტაცია იმართება, ბევრი განსხვავებული შენობა შენდება და ჩვენც გვინდა, რომ ამ პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა. ბაზარზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება, მშენებლობის ბუმია ქვეყანაში. სიტუაცია ისეთია, რომ მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ გვაქვს არა შეკვეთების, არამედ მუშახელის პრობლემა. გამკეთებელი არ არის“, - განაცხადა გიორგაძემ.