2020-2023 წლებში საქართველოს შრომის ბაზარზე 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების კონტრიბუცია შემცირდა - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომელშიც საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებაა მიმოხილული.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2020-23 წლებში ახალგაზრდების წილი 15+ ასაკის მოსახლეობაში უცვლელი დარჩა, ახალგაზრდების წილი დასაქმებულთა რაოდენობაში შემცირდა.
კერძოდ, 15+ ასაკის მოსახლეობაში 15-დან 24 წლამდე მოსახლეობის პროცენტული წილი, 4 წლის განმავლობაში, 13%-ზე დარჩა, სამუშაო ძალაში მათი კონტრიბუცია 9%-დან 8%-მდე, დასაქმებულთა რაოდენობაში კი 7%-დან 6%-მდე შემცირდა.
“ახალგაზრდების შრომის ბაზრის მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ შრომის ბაზარზე ახალგაზრდების მონაწილეობის შემცირება განპირობებულია როგორც ემიგრაციით, ასევე სწავლის პერიოდის გახანგრძლივებით. 2020-2023 წლებში ახალგაზრდა მოსახლეობის შემცირება და შრომის ბაზრის მაჩვენებლების ანალიზი მიუთითებს, რომ ახალგაზრდების ნაწილმა, რომლებიც სამუშაოს ეძებდნენ, ქვეყანა დატოვეს. ამავდროულად, ნაწილმა თავი შეიკავა სამუშაო ძალაში ჩართვისგან და განათლების მიღება ამჯობინა, რაზეც 2020-2023 წლებში საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს”, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
ამასთან, PMC-ის ინფორმაციით, 2020-23 წლებში ახალგაზრდების უმუშევრობის 39%-დან 35%-მდე, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად მაღალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან - 14%-თან - შედარებით.
15-დან 25 წლამდე მოსახლეობის 90%-ზე მეტი სრულ განაკვეთზე მუშაობს, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობა კი ახალგაზრდების დასაქმებაში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად ითვლება.
“საქართველოში ახალგაზრდების არასრული დასაქმება შეიძლება, გამოწვეული იყოს შრომის ბაზარზე ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობით. 2020-2023 წლებში ახალგაზრდების ნახევარ განაკვეთზე დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 9% იყო, რაც დაახლოებით ოთხჯერ ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.
ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობა ახალგაზრდების მაღალი უმუშევრობის გამომწვევი მიზეზია, რადგან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთათვის სრულ განაკვეთზე მუშაობა ხშირად არახელსაყრელია. შესაბამისად, საქართველოში ახალგაზრდები იძულებულნი ხდებიან, არჩევანი გააკეთონ განათლების ხარისხსა და საარსებო წყაროს შორის, რაც პოტენციურად მათს მომავალ შემოსავლებზე იქონიებს გავლენას”, - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
კვლევის თანახმად, 2023 წელს ახალგაზრდების მხოლოდ 7% ახერხებდა ერთდროულად სწავლასა და მუშაობას, 21% კი - არც მუშაობს და არც სწავლობს. აღსანიშნავია, რომ, კვლევის თანახმად, ახალგაზრდები მუშაობასა და სწავლას შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებენ, რის გამოც, 2023 წელს 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 58% მხოლოდ სწავლით იყო დაკავებული.