მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-დან 3 დაწესებულებაში კოვიდით ინფიცირებული და არაინფიცირებული ნაკადების გამიჯვნა არ ხდებოდა - აუდიტი

62acd602a298d
ალა ისპირიანი
18.06.22 00:40
1414
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში მიმწოდებლად ჩართული 15 დაწესებულებიდან სამ მათგანში არ ხდებოდა არაინფიცირებული და კოვიდით ინფიცირებული ნაკადების გამიჯვნა.

აუდიტის პერიოდში სამინისტრო და რეგულირების სააგენტო არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო უმეტესად ე.წ. კოვიდსტაციონარულ დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე იყო კონცენტრირებული. შედეგად, მცირეა სხვა ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი, სადაც ზედამხედველობა უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით განხორციელდა.

"2020-2021 წლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში მიმწოდებლად ჩართული დაწესებულებების მცირე ნაწილშია (2020 წელს − 0,8%, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით − 4,5%) შემოწმებული სანებართვო და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესაბამისობა. კერძოდ, 2021 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელდა მონიტორინგი 15 სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებიც ასევე პროგრამებით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებლები იყვნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 3 დაწესებულებაში არ ხდებოდა არაინფიცირებული და კოვიდით ინფიცირებული ნაკადების გამიჯვნა.

უსაფრთხოების პრობლემაზე მიუთითებს აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხული ბენეფიციარების 21%-ც, რომელთაც 2020-2021 წლებში უარი თქვეს მომსახურების მიღებაზე კოვიდით ინფიცირების რისკების არსებობის გამო.

იმუნიზაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პერინატალური სერვისის მიმწოდებელთათვის, მინისტრის ბრძანებით დამატებით განსაზღვრული იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციები. ინფექციის კონტროლის მონიტორინგი განხორციელდა მხოლოდ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელიც არ მოიცავდა გაცემული რეკომენდაციების სრულად შემოწმებას. აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხული ბენეფიციარების უმეტესობა მიუთითებს, რომ ანტენატალური ვიზიტების დროს სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხო გარემო ნაწილობრივ იყო უზრუნველყოფილი და კლინიკები არ ახდენდნენ ვიზიტის წინასწარ დაგეგმვას, მიუხედავად სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციისა", - წერია ანგარიშში. 

ცნობისთვის, აუდიტმა „COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობის“ ანგარიში გამოაქვეყნა, რონელშიც ნათქვამია, რომ 2020-2021 წლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა რაოდენობა შემცირებული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები