მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წევრ-კორესპონდენტებს კვლავ აირჩევენ. შესაბამის ცვლილებას მხარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 74 დეპუტატი იყო.
კომიტეტის თავმჯდომარის, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის გივი მიქანაძის განმარტებით, კანონპროექტი ეხება მეცნიერებათა აკადემიაში შუალედური რგოლის, წევრ-კორესპონდენტების არჩევის წესს, რომელიც 2009 წლიდან გაუქმებულია.
„2009 წლის პირველი მაისიდან, წინა ხელისუფლების პირობებში, წევრ-კორესპონდენტის არჩევის წესი, უსამართლო გადაწყვეტილებით, გაუქმდა. ამ დრომდე არ არსებობს შუალედური რგოლის არჩევის სამართლებრივი საფუძველი. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ წესის აღდგენა, რაც მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას საშუალებას მისცემს, რომ დააკვირდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანი იმსახურებს თუ არა აკადემიკოსის სტატუსს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
აღნიშნული კანონით, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატებისა 10-ს. დღეს აკადემიაში 10 წევრ-კორესპონდენტი და 9 სტიპენდიატია.
ცვლილების თანახმად, აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს "საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში".