მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17,000 თანამშრომლის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ - მოლები მთავრობას აფრთხილებენ

5fc0f5393f8dc
შოთა ტყეშელაშვილი
27.11.20 16:53
2860
თბილისში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები - „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“, „ქარვასლა“, „სითი მოლი“ და „გლდანი მოლი“ მთავრობას მიმართავენ. როგორც მათმა წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადეს, ხელისუფლებასთან 6 მოთხოვნა აქვთ, რაც სექტორს „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს“. მოლები ერთობლივ განცხადებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ათიათასობით სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგას.

მოლების ერთობლივი განცხადება:

"კომერციული უძრავი ქონების და რითეილის (საცალო) სექტორი საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს, ბიზნეს აქტივობის გენერატორს და ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს. ტურისტული ბაზრის კოლაფსით, სასტუმროების და რესტრონების შემდეგ, სწორედ რითეილის და კომერციული უძრავი ქონების სეგმენტმა განიცადა ყველაზე დიდი ზარალი და ფაქტიურად ყველა სავაჭრო ცენტრს და რითეილერს უწევს ფორს-მაჟორში თვითგადარჩენის რეჟიმში ფუნქციონირება. კერძოდ:

· შემცირებულია ეკონომიკა: შემცირებულია რითეილ ბაზარი, შეცვლილია ბაზრის სტრუქტურა და ხდება მისი კატეგორიების სწრაფი ცვლილება; მკვეთრადაა გაუარესებული მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა და შემცირებულია მომხმარებელთა რაოდენობა; ამოწურულია საინვესტიციო რესურსი.

· ვალუტის კურსის სწრაფი დევალვაციისა და არასტაბილური, არაპროგნოზირებადი სავაჭრო გარემოს გამო, შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება ლიკვიდური სეზონური პროდუქციისა და მარაგების შევსების ოპტიმალური დაგეგმვა, იზრდება არარეალიზებული პროდუქციის მოცულობა, რაც დამატებით ფინანსურ ზიანთან არის დაკავშირებული;

· სავაჭრო ცენტრების უმრავლესობას ფაქტიურად სრულად აქვს ამოწურული ინვესტირებისთვის და უწყვეტი ოპერირებისთვის საჭირო ბიუჯეტი. ხდება ადამიანური რესურსის გაზრდილი მოცულობის ყოველდღიურად მობილიზება, რაც საჭიროა სავაჭრო ცენტრის შეუფერხებლად ოპერირებისთვის და ეს იწვევს მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს.

მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, ჩვენ, ჩვენი ძალებით შევძელით შეგვენარჩუნებინა ფუნქციური ბიზნესი და ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა მოიჯარეები სავაჭრო ცენტრებში. როგორც ჩვენ, ასევე მოიჯარეებს, სამი თვის დანაკლისის აღდგენის იმედი გვქონდა წლის ყველაზე დატვირთულ წინასაახალწლო პერიოდში, რაზეც ვაკეთებდით ოპტიმისტურ პროგნოზებს.

· ჩვენს სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ დასაქმებულია 2000–მდე თანამშრომელი (მოლის ადმინისტრაცია, მომსახურება), ხოლო მაღაზიებში პირდაპირ არის დასაქმებული 15,000–მდე თანამშრომელი; სავაჭრო ცენტრში არაპირდაპირ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ჩვენ, ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანამშრომელთა ამ რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯულია. ასევე, ამოწურულია ყველა ის ლიმიტი, რაზე გათვლაც გვქონდა ოპერირების აღდგენიდან წლის ბოლომდე. ოპერირების შეზღუდვის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვერ შეძლებს.

· ფაქტიურად ყველა სავაჭრო ცენტრს ექმნება მიმდინარე საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა და დღის წესრიგში დგას სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა. სავაჭრო ცენტრის ოპერირების აღდგენას სჭირდება ბევრად მეტი ფინანსური რესურსი და დრო ჩაკეტვის პერიოდში მის მიერ გენერირებადი შესაძლო შემოსავლის ოდენობასთან შედარებით.

მოგეხსენებათ, სავაჭრო ცენტრები იცავენ ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ყველა რეკომენდაციას. სავაჭრო ცენტრი ერთ–ერთი ყველაზე კარგად დაცული სავაჭრო გარემოა. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ პანდემიის პერიოდში სავაჭრო ცენტრი არ გამხდარა მნიშვნელოვანი ვირუსის გავრცელების წყარო. კრიტიკულია, რომ დეკემბრის თვეში არ მოხდეს სავაჭრო ცენტრების დაკეტვა, რაც სრულად ჩამოშლის კომერციული უძრავი ქონების და საცალო ვაჭრობის სექტორს.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის ბაზარზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების, რითეილერების მდგომარეობის, 2020 წელს სამ თვიანი ე.წ “ლოქდაუნის” პირობებში, ჩვენი თანამშრომლების მიმართ აღებული პასუხისმგებლობის და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით - ტურისტული სექტორის მსგავსად, ჩვენთვისაც შემუშავდეს ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მოიცავს:

· გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშულაბა 15 დეკემბირდან - 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას.

· 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმება, რომლის გადახდის ვადაც იწურება 30 ნოემბერს. ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.

· 750 ლარამდე ხელფასზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე არსებული შეღავათის გაგრძელება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე.

· ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებში ეროვნული ბანკის ჩართვა და დახმარება, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება სესხების 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით რეფინანსირებაზე და ამავე დროს მინიმუმ 6 თვის საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება. ამ პერიოდში საბანკო სექტორი მიიღებს საპროცენტო შემოსავალს, რაც მათთვისაც კრიტიკულია.

ვაცხადებთ მზაობას, რომ ოპერატიულად გავაგრძელოთ მუშაობა სამთავრობო სტრუქტურებთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და განვიხილოთ ყველა ზემოთ ნახსენები საკითხი, რომ ერთად ვიპოვიოთ შექმნილი კრიზისის მინიმალური დანაკარეგბით გადატანის გზები.

მოლების თავდაპირველ განცხადებაში მითითებული იყო, რომ განცხადებას "გალერია თბილისიც" უერთდებოდა, თუმცა BMG-იმ "გალერია თბილისთან" საკითხის გადამოწმების შემდეგ დაადგინა, რომ ეს სავაჭრო ცენტრი მოლების ერთობლივ განცხადებას არ უერთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები