სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
განცხადებას ამ დროისთვის 18 რელიგიური გაერთიანება აწერს ხელს, როგორც საბჭოში აღნიშნავენ ხელმოწერები გრძელდება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას;
მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას;
კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის!
ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის თაობაზე ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად!
კანონპროექტი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეების ღირსებისთვის!
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს „უცხო ძალის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის განხილვა!
ხელმოწერები გრძელდება“, - ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერენ:
- საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
- ქართველ მუსლიმთა კავშირი
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
- საქართველოს ევანგელურ - ბაპტისტური ეკლესია
- საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
- ხსნის არმია
- საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია
- მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
- აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
- ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
- საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
- საქართველოს აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
- ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
- წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
- ბაჰაის საზოგადოება
- ასურელთა წმინდა სამოციქულო კათოლიკე აღმოსავლეთის ეკლესია
- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
- საქართველოს ევანგელურ - პროტესტანტული ეკლესია