უმაღლესი განათლების რეფორმაზე "ანალიტიკას" ეთერში ფსიქოლოგმა, პროფესორმა მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს განათლების სისტემა თავსებადი უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან.
კერძოდ, პროფესორის ცნობით, 3-წლიანი ბაკალავრიატი და 1-წლიანი მაგისტრატურა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სტუდენტმა, ფსიქოლოგის დამოუკიდებელი საქმიანობისთვის აუცილებელი, ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაციის (EFPA) მიერ აღიარებული სტანდარტი, 300 კრედიტიანი სწავლება მიიღოს.
"EFPA-ს მიერ 2014 წელს დაიწყო ამაზე სერიოზული მუშაობა ზუსტად იმ ჩარჩოში და შემუშავდა მინიმალური სტანდარტი, რაც გულისხმობს, რომ ფსიქოლოგი, როგორც სპეციალისტი, ერქმევა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც დახურული აქვს ბაკალავრიატი პლუს მაგისტრატურა - მინიმუმ 300 კრედიტი.
შემოთავაზებული რეფორმა გვთავაზობს მაქსიმუმ 240 კრედიტს, რაც ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია, ფსიქოლოგი კი არა, პირდაპირ აკადემიკოსი ფსიქოლოგი ჩავუწეროთ კურსდამთავრებულს დიპლომში, მაგრამ ამ დიპლომს რომ წაიღებს სადმე უცხოეთში, მისი კვალიფიკაცია არ იქნება აღიარებული.
ჩემი დიპლომი, რომელიც 1980 წელს არის გაცემული და რომელშიც მიწერია ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის მასწავლებელი, უფრო რელევანტური და ადეკვატური ხდება, ვიდრე ის დიპლომი, რომელსაც ჩვენ 3+1 მოდელით მივიღებთ", - განმარტავს მარინე ჩიტაშვილი.
ფსიქოლოგიის პროფესორმა BMG-ის ეთერში პროფესიული მომზადების სპეციფიკაციებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია არ არის ვიწრო სპეციალიზაცია და ბევრ სხვა, მათ შორის კვლევით უნარებსაც მოითხოვს, რაც უმაღლეს სასწავლებლებში ყალიბდება.
"ფსიქოლოგის კვალიფიკაცია არ არის ვიწრო სპეციალიზაცია და მხოლოდ ფსიქოლოგიური საგნები, არამედ ის გულისხმობს ფართო განათლების მქონე ადამიანს, რომელიც საკმაოდ კარგად ლავირებს მთელ სოციალურ მეცნიერებებში. უნივერსიტეტებში ფსიქოლოგებს ასწავლიან ზუსტად ისევე, როგორც ასწავლიან ეკონომეტრიკის წარმომადგენლებს, დიფერენციალური განტოლება და პროგრამული მოდელირება არის სავალდებულო საგანი ფსიქოლოგებისთვის, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. შესაბამისად, ფსიქოლოგს აქვს ძალიან უცნაური პროფესია, ის შეიძლება დარჩეს წმინდად მკვლევრად, ანუ იყოს მეცნიერებაში, არასოდეს არ ჰქონდეს მას შეხება პრაქტიკასთან და ა.შ. მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიის გამოყენებითი დარგი, ისეთი როგორიც არის პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს კლინიკაში, სკოლაში თუ ნებისმიერ ორგანიზაციაში.
ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს სპეციალური მომზადება, გავლილი უნდა ჰქონდეს ერთი მხრივ პრაქტიკა და მეორე მხრივ, მას უნდა ჰქონდეს კვლევითი უნარები. რადგან არ არსებობს ერთი და იგივე სტანდარტული სიტუაცია, ადამიანი ჭანჭიკი არ არის და იმისდა მიხედვით, თუ სად შედიხართ, შეიძლება სრულიად სხვადასხვა გარემო დაგხვდეთ. ამიტომ, ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს გარკვეული უნარები იმისათვის, რომ გაერკვიოს ახალ გარემოში, მოიძიოს ეს ინფორმაცია და რაც მთავარია, ააწყოს და დაგეგმოს თავის საქმიანობა. ამ ყველაფრის სწავლას სჭირდება დრო", - ამბობს ჩიტაშვილი.
პროფესორის თქმით, ფსიქოლოგთა პროფესიულმა კავშირმა განათლების სამინისტროში განცხადება უკვე შეიტანა, რომელიც 3+1 მოდელით შექმნილ გამოწვევებს შეეხება. მარინე ჩიტაშვილის ცნობით, უწყებას პასუხი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
"როდესაც გამოცხადდა 3+1, მომენტალურად საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიულმა კავშირმა, მისი თავმჯდომარე ნათია სორდიას ხელმოწერით, შეიტანა განცხადება განათლების მინისტრის სახელზე. განცხადებაზე ყველას შეეძლო ხელის მოწერა, იქნებოდა პრაქტიკოსი თუ არაპრაქტიკოსი ფსიქოლოგი თუ კურსდამთავრებული. განცხადება 690 ხელმოწერით შევიტანეთ, ახლა 750-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, ამას კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს განცხადებაც მოჰყვა.
შედეგი არ ვიცით იმიტომ, რომ განცხადება შეტანილია 4 მარტს, თსუ-ს ფაკულტეტის საბჭოს განცხადება უფრო მოგვიანებით იყო. ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს: დატოვეთ მინიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ ფსიქოლოგის კვალიფიკაცია დარჩეს ქვეყანაში", - ამბობს პროფესორი მარინე ჩიტაშვილი.
ცნობისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის საბჭო განათლების რეფორმაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. 5 მარტით დათარიღებული განცხადების თანახმად, საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლითაც მცირდება როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო სწავლების ხანგრძლივობა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა. ფაკულტეტის საბჭო ითხოვს, ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა არ შემცირდეს 2-დან 1 წლამდე.




























