მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 მთავარი შენიშვნა, რაც მაია სიდამონიძეს სასტუმროების სესხის სუბსიდირების პროგრამასთან აქვს

5fe750215e78d
თელარა გელანტია
26.12.20 19:33
1089
"ეს არის ზღვაში წვეთი“, - ასე აფასებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სასტუმრო „ტერასას“ მფლობელი მაია სიდამონიძე იმ ფაქტს, რომ ამ დროისთვის, პანდემიის გამო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას 1 554 უნიკალური ბენეფიციარი ჰყავს, მაშინ როდესაც განაცხადების რაოდენობაზე 8000-სს აღემატებოდა. მაია სიდამონიძე პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია და მართალია, ფიქრობს, რომ არსებულ ვითარებაში ნებისმიერი შეღავათი
მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფო პროგრამის მიმართ არაერთი კითხვა აქვს, მაგრამ მათგან 2 მთავარ შენიშვნას გამოყოფს.

როგორც bm.ge-ისთან საუბარში მან განაცხადა, სასტუმრო ინდუსტრიის სუბსიდირების პროგრამით, 100 000 ლარიანი სესხის პროცენტის 80% დაუსუბსიდირეს, მაგრამ ყველაზე დიდი - 0.5 მლნ დოლარის კრედიტის პროცენტის სუბსიდირებაზე უარი უთხრეს; ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნახევარი მილიონის სესხი მას, როგორც ფიზიკურ პირს ისე აქვს აღებული, პროგრამის პირობების თანახმად კი, განმცხადებელი ფიზიკური პირი მინიმუმ ინდმეწარმე უნდა იყოს.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ტემპით და როგორ განვითარდა ბოლ წლებში სასტუმრო ინდუსტრია და რამდენი ახალი სასტუმრო გაიხსნა - მათი უმრავლესობის უკან მცირე და საშუალო ბიზნესი დგას. ასევე, მთავრობაში ძალიან კარგად იციან, რომ თუ კომპანია ახალია და ბრუნვა არ აქვს, მას ბანკი მსხვილ კრედიტს არ აძლევს, ამიტომაც, სასტუმროს აშენება-რემონტისთვის 0.5 მლნ დოლარი მე, როგორც ფიზიკურ პირს ისე მქონდა აღებული, შესაბამისად, სესხის პროცენტი არ დამისუბსიდირდა. სისულელეა, როდესაც აღნიშნულ შეზღუდვას ხსნიან იმით, რომ ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხში არ ჩანს მისი მიზნობრიობა. ბანკებს საკონტრაქტო ხელშეკრულებაში უდევთ და ჩემს პირად სესხზეც მითითებულია, რომ ის განკუთვნილია სასტუმროს აშენება-რემონტი-აღჭურვისთვის. სინამდვილეში, მიზნობრიობის იდენტიფიცირება პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, მათ იცოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში აპლიკანტების რაოდენობა იქნებოდა ძალიან დიდი და სავარაუდოდ, არ ეყოთ ფინანსური რესურსი. ასე გამოირიცხა ინდუსტრიის 80% და შესაბამისად, დიდმა ნაწილმა ვერ ისარგბელა და ვერც ისარგებლებს ამ შეღავათით. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ჯამში, გამოვიდა ისე, რომ მთავარ სესხზე შეღავათი ვერ მივიღე, მაგრამ 100,000 ლარიანი სესხი, რომელიც შპს-ის შექმნიდან სამი წლის შემდეგ ავიღე, დამისუბსიდირეს“, - აცხადებს მაია სიდამონიძე.

გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება ბევრად რელევანტური პოსტ-კოვიდ პერიოდში იქნებოდა და განმარტავს - რატომაც.

„რა თქმა უნდა, დღევანდელ მდგომარეობაში ნებისმიერი შეღავათი ითვლება შეღავათად, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ბევრი ბიზნესისთვის ეს პროგრამა რელევანტური არ არის იქიდან გამომდინარე, რომ თუ ბიზნესი მთლიანად გაჩერებულია, სასტუმრო დაკეტილი და მფლობელი ვერ იხდის სესხის ძირს, რომელიც ვალდებულების უმეტესი ნაწილია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მისი პროცენტი დასუბსიდირდება თუ - არა?! მეორე მხრივ - ვფიქრობ, ეს პროგრამა ბევრად უფრო რელევანტური იქნებოდა პოსტ-კოვიდ პერიოდში, როცა ბიზნესი ამუშავდებოდა, გახდებოდა გადამხდელუნარიანი და ამ ნაწილში ხარჯების ოპტიმიზაციაში დაეხმარებოდა. დღესდღეობით კი, როცა სასტუმროების უდიდესი ნაწილი დაკეტილია, იგივე თბილისში, ვფიქრობ, ესაა მინიმალური შეღავათი, რისი შემოთავაზებაც სახელმწიფოს შეეძლო“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.

ცნობისთვის: საოჯახო, მცირე და საშუალო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში ბენეფიციარს ლარში სესხის პროცენტის - 80%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში სესხის პროცენტის 70%-ს უსუბსიდირებენ. თავდაპირველად სუბსიდირება 6 თვე გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ 12 თვემდე გახანგრძლივდა. პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია და ამ დროისთვის, დაფინანსებული ბენეფიციარების სესხებისთვის 46,477,445 ლარია გადარიცხული.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ბიზნესუბიექტი პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს, მას შეიძლება 2, 3 ან 4 სხვადასხვა სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდეს. შედეგად, დაფინანსებული განაცხადების/სესხების რაოდენობა უნიკალური ბენეფიციარების/სასტუმროების რიცხვს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები