მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 ოქტომბერი ლარის “დაბადების დღეა”

ლარი

1995 წელს მიმოქცევაში შემოღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ვალუტა "ლარი" - 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გავიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნ.ჯავახიშვილისა და ფინანსთა მინისტრის დ.იაკობაშვილის ხელმოწერებით) და 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის მონეტები. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

როგორ იქმნებოდა ეროვნული ვალუტა:

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წლის 2 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", რომლითაც ქვეყანაში ფულის ნიშნების დამზადებისა და მიმოქცევაში გაშვების ორგანიზების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად დაიწყო ეროვნული ვალუტის შექმნისათვის მუშაობა, რაც ძირითადად წარიმართებოდა ფულის ნიშნების საჭირო ოდენობისა და ნომინალების განსაზღვრის, მისი შინაარსისა და დიზაინის შემუშავების კუთხით.

ეროვნული ვალუტის სახელთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა განხილვები, მოიაზრებოდა სხვადასხვა სახელი: "მანეთი", "ქართული მანეთი", "მარჩილი", "ქართი", "რვალი" და "ლარი", ხურდა ფულის სახელწოდებად კი განიხილებოდა სახელწოდებები: "ეგრი", "კოლხა", "თეთრა", "კერმა" და "თეთრი".

ქართული ფულის გამოშვების სამთავრობო კომისიის 1992 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქართულ ეროვნულ ვალუტას დაერქვა - "ლარი", მოგვიანებით კი, დადგინდა ხურდა ფულის სახელწოდებაც - "თეთრი". სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს სიმდიდრეს, განძს. ხოლო "თეთრი" შუა საუკუნეებში გამოყენებული ქართული სამონეტო ტერმინია.

1993 წელს შეიქმნა ლარის ბანკნოტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალებისთვის და ასევე, მონეტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ნომინალებისთვის.

ბანკნოტებზე გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების პორტრეტები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ხელოვნების ნიმუშები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. ბანკნოტების დიზაინი მოამზადა ნოდარ მალაზონიამ.

მონეტებზე გამოსახულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ბორჯღალი (უძველესი მზის სიმბოლო), სხვადასხვა წარწერები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. მონეტების დიზაინის ესკიზები მოამზადეს ელგუჯა ამაშუკელმა (ნომინალის მხარე), ნოდარ და ბაჩა მალაზონიებმა (ბორჯღალის მხარე).

1999 წლის 10 დეკემბრიდან მიმოქცევაში გავიდა მცირედ მოდიფიცირებული 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, რომლებზეც, 1995 წლის გამოშვების ბანკნოტებისაგან განსხვავებით, დატანილ იქნა სიტყვა "საქართველო" წარწერის "საქართველოს რესპუბლიკა" ნაცვლად (კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით), საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ი.მანაგაძისა და ფინანსთა მინისტრის დ.ონოფრიშვილის ხელმოწერები, ასევე ცვლილება განიცადა ულტრაიისფერმა დამცავმა ნიშანმა.

2000 წლის 28 ივლისიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გამოუშვა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ბიმეტალური მონეტები ლიმიტირებული ოდენობით. აღნიშნული მონეტები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საგადამხდელო საშუალებას ნომინალური ღირებულებით.

აღნიშნულის პარალელურად, საკოლქციო დანიშნულებით იდენტური დიზაინით გამოშვებულ იქნა, ასევე, 10 ლარის ნომინალის ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტები.

2002 წელს განხორციელდა 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მოდიფიცირება რეკვიზიტების მცირედი კორექტირებისა და დამცავი მექანიზმების სრულყოფის კუთხით. მათ შორის მოხდა 1999 წლის გამოშვების ბანკნოტებზე არსებული დამცავი ნიშნების დახვეწა, რამოდენიმე ახალი ნიშნის დამატება დიზაინის გარკვეული ელემენტების  მცირედი მოდიფიცირების ხარჯზე და დატანილ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ი.მანაგაძისა და ფინანსთა მინისტრის ზ.ნოღაიდელის ხელმოწერები. მათი მიმოქცევაში გაშვება განხორციელდა 2002 წლის 5 აგვისტოდან.

2004 წელს განხორციელდა 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მოდიფიცირება რეკვიზიტების მცირედი კორექტირებისა და დამცავი მექანიზმების სრულყოფის კუთხით. მათ შორის მოხდა 1999 წლის გამოშვების ბანკნოტებზე არსებული დამცავი ნიშნების დახვეწა, რამოდენიმე ახალი ნიშნის დამატება დიზაინის გარკვეული ელემენტების  მცირედი მოდიფიცირების ხარჯზე და დატანილ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ი.მანაგაძისა და ფინანსთა მინისტრის ზ.ნოღაიდელის ხელმოწერები. მათი მიმოქცევაში გაშვება განხორციელდა 2004 წლის 9 ნოემბრიდან.

2006 წლის 20 ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა ახალი დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მქონე 50 თეთრის ნომინალის მონეტები, გამოშვების წლით „2006“.
2006 წლის 20 ნოემბრიდან მიმოქცევაში შემოღებულ იქნა 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტები, გამოშების წლით „2006“.

2007 წლის 16 აპრილიდან მიმოქცევაში შემოღებულ იქნა 200 ლარის ნომინალის ბანკნოტი, გამოშვების წლით „2006“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რ.გოცირიძისა და ფინანსთა მინისტრის ა.ალექსიშვილის ხელმოწერებით.

2012 წლის 20 აგვისტოდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 10 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2012“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის დ.გვინდაძის ხელმოწერებით.

2013 წლის 27 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 5 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოშვების წლით „2013“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის ა.ხეთაგურის ხელმოწერებით.

2013 წლის 23 სექტემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 20 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2013“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის ა.ხეთაგურის ხელმოწერებით.

2014 წლის 20 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2014“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის ნ.ხადურის ხელმოწერებით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტების გამოშვებას გეგმავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები