მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 რეკომენდაცია მთავრობებს UNWTO-სგან და რჩევები პოსტკრიზისული პერიოდისთვის

5e74f7d98e8ab
თელარა გელანტია
20.03.20 21:50
1696
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის გამო საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლები, შესაძლოა, 250-დან 400 მლრდ დოლარამდე შემცირდეს.

არსებულ ვითარებაში UNWTO-ს წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინატორ ბექა ჯაყელს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისთვის 2 ძირითადი რეკომენდაცია აქვს, რაზეც bm.ge-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.

„სხვადასხვა სახის რეკომენდაცია არსებობს, მაგრამ გამოვყოფდი 2 ძირითად რეკომენდაციას - მოვუწოდებთ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, რომ მოახდინონ ტურიზმის სექტორის სტიმულირება, საუბარია, საგადასახადო შეღავათებზე ან გადასახადების გაუქმებაზე ან კიდევ - გადავადებაზე, რადგან რისკი, რომელიც შეიძლება დადგეს კრიზისის შემდგომ პერიოდში, გახლავთ ფინანსურად შესუსტებული კერძო სექტორი და ასევე, არის სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობა, რათა მაქსიმალური სტიმულირება მოხდეს საგადასახადო შეღავათების კუთხით. მეორე რეკომენდაციაა კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის, ასევე, სახელმწიფო უწებებს შორის, რათა გარე სამყაროსთან, ვგულისხმობ პოტენციურ ინვესტორებს, პარტნიორებს, გზავნილები იყოს შეჯერებული და არ დაითესოს პანიკა“, - განაცხადა ბექა ჯაყელმა.

ამასთან, UNWTO-ს წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის თუ კომპანიებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ „ეს ნაბიჯი იყო დროული და ძალიან კარგი“. მისივე თქმით, სხვა ქვეყნის მთავრობებიც, ძირითადად, მსგავს გზებს ირჩევენ ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის.

რაც შეეხება იმას, თუ რას ურჩევს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მთავრობებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დასრულდება მსოფლიოში, ბექა ჯაყელის აზრით, პანდემიის პოსტპერიოდი არ მოითხოვს დიდ დროს, რომ ტურიზმის ინდუსტრია ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

„ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი ხანი დასჭირდება კრიზისის დაძლევას, რასაც მე არ ვეთანხმები, რადგან კრიზისის სხვადასხვა ფორმა არსებობს. პანდემიის შემდგომი პერიოდი, ბუნებრივია, არ მოითხოვს დიდ დროს, რათა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს ტურიზმის სექტორი. ომის შემთხვევაში, ბუნებრივია, ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება 1-დან 2 წლამდე მთელი რიგი მარკეტინგული ღონისძიებები და საინფორმაციო კამპანია აწარმოოს, რათა ქვეყნის იმიჯზე იზრუნოს, რომ მოგზაურობა არის უსაფრთხო, რაც ნაკლებად საჭიროა პანდემიის დასრულების შემდეგ...

მეორეც, ბუნებრივია, ქვეყნებმა შეიძლება გაატარონ მნიშვნელოვანი ღონისძიებები საფასო პოლიტიკის მხრივ. ვგულისხმობ, ასე ვთქვათ, შედარებით დაბალბიუჯეტიანი პაკეტის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, რასაც პოსტკრიზისულ პერიოდში შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. კიდევ და კიდევ, ჩემი გათვლებით, პოსტკრიზისულ პერიოდში, უკვე 4-5 თვე, მაქსიმუმ 6 თვე იქნება საჭირო, რომ ტურიზმის ინდუსტრია დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ერთ-ერთი რეკომენდაცია შეიძლება იყოს კრიზისის პერიოდშივე აწარმოოს საქართველოს მთავრობამ საინფორმაციო კამპანია; მაგალითად, პორტუგალიამ უკვე დაიწყო კამპანიები, რომლის მთავარი გზავნილია - არ გააუქმო შვეულება, გადადე მოგზაურობა... ასეთი გზავნილებით ქვეყნები აქტიურად ახდენენ კომუნიკაციას ტუროპერატორებთან, პოტენციურ ინვესტორებთან. ასეთი კამპანია ყოველთვის სასარგებლოა. რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ, პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყნებს რაიმე განსაკუთრებული კამპანიის წარმოება არ მოუწევთ, მთავარია, ქვეყანას ჰქონდეს საკმარისი ბიუჯეტი, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში აქტიურად განაგრძოს მარკეტინგული კამპანიები“, - განუცხადა bm.ge-ის ბექა ჯაყელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები