გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ვიდეო კონკურსის გამარჯვებულები გამოაცხადა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UNWTO-ს ნომინაცია "ტურიზმი და მოქმედების ათწლეულის" 5 გამარჯვებულს შორის საქართველოს შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი „სტუმარი" გახდა.
გადაწყვეტილება უზბეკეთში, სამარყანდში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში გამოცხადდა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული საიმიჯო ვიდეორგოლი ევროპის რეგიონის საუკეთესო ვიდეორგოლად იქნა აღიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო რგოლი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.
Tourism and the Decade of Action კატეგორიისთვის, წარდგინებები იმის მიხედვით შეფასდა, თუ რამდენად კარგად აჩვენებდნენ ქვეყნები - როგორ მიიწევს ტურიზმის სექტორი წინ მდგრადი განვითარებისათვის 2030 წლის დღის წესრიგში 17 გლობალური მიზნიდან ერთ ან მეტზე მითითებით.
საქართველოსთან ერთად „Tourism and the Decade of Action" გამარჯვებულები გახდნენ გამბია, პანამა, ფილიპინები და ომანი.
რაც შეეხება UNWTO- ს კონკურსის მეორე ნომინაციას, „Tourism and the Exceptional Stories", აქ, წევრ სახელმწიფოებს სთხოვეს ღირსშესანიშნავი მაგალითები, რომლებიც ტურიზმის ადამიანურ სახეს წარმოაჩენდნენ და ნათლად აჩვენებდნენ იმ პოზიტიურ სოციალურ ზეგავლენას, რომელიც სექტორს შეუძლია მოახდინოს თემებსა და ინდივიდებზე. ამ ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ კენია, პანამა, ფილიპინები, შვეიცარია და ეგვიპტე.