მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2 წელია ანაკლიას უცხოელი ტურისტი არ ჰყოლია" - სასტუმრო "თეთრი სახლი"

ანაკლიაა

ანაკლიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო "თეთრი სახლის" მფლობელი მარინა თოდუა ამბობს, რომ კურორტს ბოლო წლების განმავლობაში უცხოელი დამსვენებლები არ სტუმრობენ. როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განმარტა, უმეტესად მოთხოვნა ივნისის მეორე ნახევრიდან ადგილობრივი სტუმრების ხარჯზე იზრდება.

ადგილობრივი ჰოტელიერები ამბობენ, რომ გამოწვევაა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. როგორც თოდუა ამბობს, სეზონის განმავლობაში კურორტს დენი მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიეწოდებათ, რაც სტუმრების შენარჩუნებისთვის დამატებითი დაბრკოლებაა.

"ანაკლიაში სეზონი სხვა კურორტებთან შედარებით უფრო გვიან იხსნება ხოლმე, დაახლოებით 15 ივნისისთვის, ანუ სასწავლო პროცესის დასრულების პერიოდისთვის, როცა მოთხოვნა მზარდია. ჩვენ ახალი იმედებით და შემართებით ვართ და იმედი გვაქვს უკეთესი წელი გვექნება. ბოლო 2 წელია ანაკლიაში უცხოელი ტურისტი არ ჩამოსულა. არ ვიცი ეს რისი ბრალია, საინფორმაციო კამპანიის არარსებობის თუ სხვა რამის, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელ დევნილებს თუ არ ჩავთვლით, აქ უცხოელი არავინ ჩამოდის. ახალგაზრდობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი, ის გათვლილია უფრო საოჯახო დასვენებისთვის.

შარშან სამდღიანი ფესტივალი იყო, თუმცა პრობლემებია ელექტროენერგიის მოწოდების კუთხით. თქვენ წარმოიდგინეთ ემზადები ამისთვის და უცებ დენი ითიშება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" მინდა მივმართო, იქნებ მიაქციონ ამას ყურადღება. ჩვენ აქციის მოწყობას ვაპირებთ, იმიტომ, რომ ზაფხულში შეტყობინებების რაოდენობა რომ დავითვალოთ, 100-ზე მეტი იქნება. გვწერენ, რომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს პროცესი იმ 2 თვეს უნდა დაემთხვეს, როცა სეზონი გვაქვს? თან მოგვეწოდება დაბალი ძაბვით, საშინელება ხდება ამ ნაწილში," - განაცხადა თოდუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები